ევროპამთავარი თემა

ავსტრიის კანცლერი სებასტიან ქურცი გადააყენეს

Via
Die Welt
Source
Misstrauensvotum stürzt Regierung von Kanzler Kurz
Tags

ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა (SPÖ) და ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიის (FPÖ) ერთობლივი ძალისხმევით წამოწყებული უნდობლობის ვოტუმით, პარლამენტმა კანცლერი სებასტიან ქურცი (Sebastian Kurz) და მისი მთელი კაბინეტი გადააყენა. 32 წლის კანცლერმა ნდობა ძალაუფლებისადმი ზედმეტი სიყვარულის გამო დაკარგაო, განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც დღეს, ორშაბათს გაიმართა.

ქურცი ძალაუფლებას “ურცხვად, შეუზღუდავად და უპასუხისმგებლოდ” ებღაუჭებაო, განაცხადა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა პამელა რენდი-ვაგნერმა (Pamela Rendi-Wagner).

სწორედ SPÖ-მ დააყენა უნდობლობის საკითხი დღის წესრიგში და – ავსტრიის ისტორიაში პირველად – ამ გზით მოიშორა კანცლერი.

უნდობლობის ვოტუმს საფუძველი ყოფილი ვიცე-კანცლერის ჰაინც-ქრისტიან შტრახეს ( Heinz-Christian Strache) რუსულ გარიგებასთან დაკავშირებულმა სკანდალურმა ვიდეომ შეუქმნა, რის გამოც ქურცი იძულებული გახდა ბოლო მოეღო თავისი ავსტრიის სახალხო პარტიისა (ÖVP) და შტრახეს FPÖ-ს შორის მმართველი კოალიციისათვის. შედეგად, ÖVP-მ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა.

გარდამავალმა კაბინეტმა კი, რომელიც ქურცმა FPÖ-ს მოშორების შემდეგ შეადგინა, ოპოზიცია არ დააკმაყოფილა.

“მან მხოლოდ თავისი კერძო ინტერესებით იხელმძღვანელა” და საქვეყნო საქმე უკან დააყენაო, დაიჩივლა სოციალისტების ლიდერმა, რენდი-ვაგნერმა.

უნდობლობის ვოტუმი ცოტა არ იყოს მოულოდნელად გავარდა მოწმენდილ ცაზე, რადგანაც ÖVP-მ დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპარლამენტის არჩევნებში გასულ კვირა დღეს. წარმატების მიუხედავად – და ეგებ მის გამოც – SPÖ-მ და ქურცის მიერ ათვალწუნებულმა FPÖ-მ პირი შეკრეს და კანცლერს ხელი მოუთავეს.

ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდრე ვან დერ ბელენი (Alexander Van der Bellen) გასაჭირშია: მას შეუძლია მთავრობას მოვალეობის შესრულება დაავალოს, ანდა დროებითი კანცლერი დანიშნოს და მას ახალი მთავრობის შექმნა დაავალოს სექტემბრამდე, როცა ახალი არჩევნებია დანიშნული. ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატურად ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ყოფილი კომისარის, ფრანც ფიშლერის (Franz Fischler) სახელი გაისმის.

სოციალ-დემოკრატებს სურთ, სექტემბრამდე ქვეყანას ტექნოკრატების კაბინეტი გაუძღვეს, რომელშიც პარტიულობა გადამწყვეტი არ იქნება. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად ბევრს ქურცის 18-თვიანი მმართველობის პირობებში ოპოზიციის თითქმის სრული იგნორირება მიაჩნია. გასულ კვირას პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ კაბინეტს ოპოზიცია სწორედ იმას საყვედურობდა, რომ ის ფაქტიურად ერთი პარტიის – ქურცის ÖVP-ს – წევრებისაგან იყო შედგენილი.

კრიზისის სათავეებთან

ქურცის კოალიციურ მთავრობას შავი დღე 17 მაისს გაუთენდა, როცა გერმანულ მედიაში (“Spiegel”-სა და “Süddeutsche Zeitung”-ში) ე.წ. “იბიცას ვიდეოჩანაწერი” გამოჩნდა. ვიდეომასალაში შტრახე სავარაუდო რუს ინვესტორს ავსტრიის მედიასა და პოლიტიკაში ჩარევის საფასურად სარფიან გარიგებას სთავაზობდა. ვიდეო წინასაარჩევნო პერიოდში, 2017 წლის ზაფხულში იყო ჩაწერილი. შტრახე პარტიის ლიდერობიდან და ვიცე-კანცლერის პოზიციიდან მეორე დღესვე გადადგა.

ქურცმა მყისვე მოუღო ბოლო FPÖ-სთან კოალიციას. პრეზიდენტმა დროებითი კაბინეტი დაამტკიცა, ქურცისვე მეთაურობით.

სხვა პარტიებმა, განსაკუთრებით კი მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, SPÖ-მ ეს შეურაცხყოფად მიიღო – ქედმაღალი ქურცი სხვა პარტიებს არც რჩევას დაეკითხა და არც ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკოწიწებაზე იზრუნაო. თავნებობა ასე არ უნდაო და პარლამენტის საბედისწერო კენჭისყრამაც არ დააყოვნა.

ქურცისთვის ეს უდაოდ წარუმატებლობაა, თუმცა გასულ კვირადღეს მან უკვე თადარიგი დაიჭირა და განაცხადა “საქმე საქმეზე თუ მიდგება, ავსტრიაში გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს – და ეს სექტემბერში მოხდებაო.”

საპარლამენტო ფიასკოს მიუხედავად, ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება ქურცს სექტემბერში ტრიუმფით დაბრუნების იმედს აძლევს.

პოპულარული მთავრობის ხელმძღვანელის ჩამოგდება პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაა. ავსტრიის გავლენიანი მედიაც და პრეზიდენტი ვან დერ ბელენიც კი, რომელიც მწვანეთა პარტიასთანაა ახლოს და მემარჯვენე ქურცის პოლიტიკურ მოყვარედ ვერ ჩაითვლება, მხარს მისი კანცლერობის გაგრძელებას უჭერდნენ. საპარლამენტო კენჭისყრამდე პრეზიდენტმა დეპუტატებს მოუწოდა, გონს მოუხმეთ და კრიზისს ნუ გაამძაფრებთო.

ამასობაში, შტრახემ განაცხადა სკანდალური ვიდეოს სავარაუდო ავტორებს სასამართლოში ვუჩივლებო – მისი ავტორი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე:

Back to top button