Placeholder canvas
XX საუკუნე

ბნელი ძალები: ნოე ჟორდანია პასუხობს ილიას სიკვდილთან სოც-დემოკრატების დაკავშირების ბრალდებას

რედაქციისაგან: სოციალ-დემოკრატებისა და კერძოდ ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძისამი თანამედროვე საქართველოშიც კი ცხოველი დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის საგანია. ინფორმირებული დისკუსიისათვის, ისტორიული მოვლენების თავიანთ კონტექსტში განხილვაა მნიშვნელოვანი. ამიტომაც, მოვიძიეთ და გთავაზობთ ნოე ჟორდანიას სტატიას, რომლითაც მან სოციალ-ფედერალისტების გაზეთ “ისარში” გამოქვეყნებულ ბრალდებას უპასუხა ილია ჭავჭავაძის “სულიერი მკვლელობის” შესახებ.

ავტორის სტილი დაცულია. გამოქვეყნდა გაზეთში „ჩვენი გზა“, 1907 წ. 9 ოქტომბერს, N 28.

სტატია გამოსაცემად მოამზადა ქეთევან სიხარულიძემ

საქართველოს ბნელ ძალებმა, ეს ერთი ხანია თავჩაქინდრულმა და ხალხის მრისხანებით მიჯაჭულმა, უცებ აიწყვიტა და სათამაშოთ  გამოინავარდა. ფეოდალი, კლერიკალი, ფედერალისტი, დემოკრატი, რეაქციონერი, ნაციონალისტი და სხვა და სხვა „მხსნელი“ საქართველოსი კიდევ ერთხელ შეერთდნენ და „ისარის“ რედაქციის წინამძღოლობით იერიშით მივიდნენ სოციალდემოკრატიაზე. მართალია ეს მათი შემოსევა არ ახალია, ძველია. ის არა ერთხელ განგვიცდია და ღირსეულათ გაგვისტუმრებია, მარა მათმა უკანასკნელმა გაბედულებამ და უტიფრობამ გადააჭარბა ყოველივე მოლოდინს და კალამი ხელთ აგვაღებია.

ამ ვაჟბატონებმა თავისი პარტიული და კლასიკური ანგარიშის გასასწორებლათ არ დაინდეს გასვენებული ილია ჭავჭავაძის ცხედარი და მის გარშემო გამართეს საზიზღარი განაგში.

თავის თავათ ცხადი  უნდა ყოფილიყო, რომ ილიას ასეთი ტრაღიკული ბოლო ყველა კლასის და პარტიისთვის სამწუხარო და აღსაშფოთებელი იქნებოდა. აქ ორი აზრი ყოვლად შეუძლებელია. და არა თუ ტრაღიკული სიკვდილი, არამედ ჩვეულებრივი სიკვდილიც შემოკრებს ხოლმე მგოსნის კუბოსთან სხვა და სხვა მოწინააღმდეგე პარტიას და კლასს.

განა ვიქტორ ჰიუგოს ცხედარს არ მისდევდა მილიონი ხალხი, განურჩევლად კლასისა და მიმართულებისა? განა დოსტოევსკის საფლავზე არ შეიკრიბენ, როგორც მებრძოლი ინტელიგენცია, ისე რეაქციონერები და ლიბერალები? მართალია დოსტოევსკი კონსერვატორი პუბლისცისტი იყო, მარა ის გახდა დიდი მწერალი არა პუბლიცისტობით, არამედ მოთხრობებით. ვისღა ახსოვს დღეს მისი სტატიები? სამაგიეროთ მისი მხატვრული ნაწარმოებები უკვდავია. ან და დღეს ტოლსტოის ადიდებენ „ტოლსტოველობისათვის“? ამათი რიცხვი შედარებით მისი ბელეტრისტიკას თაყვანისმცემლებთან ძლიერ მცირეა.

ამიტომ ვის გაუკვირდება, როცა მის ცხედარს უკან გაყვება ყველა პარტიის და მდგომარეობის ხალხი და მას ერთხმათ ეტყვიან: საუკუნო იყოს ხსენება შენი!

ასეთია საზოგადო პოეტთა ხვედრი და ასეთი უნდა ყოფილიყო ხვედრი განსვენებული ილიასი. მისი დაკარგვა უნდა ეგლოვა, როგორც მისი პოეზიის თაყვანისმცემელთ, ისე მისი პუბლიცისტური და საზოგადო მოღვაწეობის მადიდებელთ, მის განსვენებას უნდა დასწრებოდა როგორც მუშა და გლეხი, ისე თავადი, ბურჟუა და ინტელიგენცია  და თითოეულს პატივი ეცა მასში იმ ნიჭისთვის, რასაც მასში აფასებდნენ.

ეს დიდებული გლოვაა. ეს იშვიათი სანახაობაა, მარა ჩვენმა ფედერალისტებმა და მათმა ამყოლ-დამყოლებმა ეს ერთიანათ შერყვნეს, ფეხ-ქვეშ გათელეს, ილიას ცხედარი თავის საპოლემიკო იარაღათ გაიხადეს! ამათ სოც.-დემოკრატიასთან  საბრძოლველათ თავისი საკუთარი ფარ-ხმალი კაი ხანია არ გააჩნიათ, და აი, ახლა ისარგებლეს შემთხვევით, ისარგებლეს საზიზღარი მკვლელობით, ამოეფარენ მკვდარს და და იწყეს ქურდულათ, მიკიბ-მოკიბულათ, ჩვენსკენ ტალახის სროლა. და ასე, ილიას საფლავი აქციეს პარტიული ბრძოლის მოედნათ, ბნელი ძალების შემომკრებ ცენტრათ.

რით დაასაბუთეს ფედერალისტებმა ეს თავისი ასეთი ზნეობრივი დაცემა? რა ბრალდება წამოაყენეს სოც.-დემოკრატიის წინააღმდეგ ?

აი რას სწერს „ისარი“ : „სავალალო და საშინელი ის არის, რომ ჩვენმა ცხოვრებამ შეჰქმნა ატმოსფერა, სადაც ასეთ ბოროტებას ადგილი აქვს და მარჯვე ნიადაგი აქვს მომზადებული. განა ჩვენში არ გაჩნდა მიმართულება, რომელსაც არ წამს და ეზიზღება მთელი ჩვენი წარსული? განა ამ მიმართულების უმიცმა ადეპტებმა არ იმუშავეს დაუღალავათ, რათა მიწასთან გაესწორებიათ ჩვენი მგოსანნიც, მწერალნიც, მოღვაწენიც“ და სხ. და სხ. (N 192).

როგორც ხედავთ, მთელი ეს ბრალდება ეხება ქართველ სოციალდემორატიას. ვთქვათ, სოც.-დემოკრატიის მიერ მომზადებულ ნიადაგმა დაბადა ეს მკვლელობა, მერე ამისთვის დასაგმობია თვით ნიადაგი? ამ ნიადაგმა დაბადა ის დიდებული მოძრაობა, ის გონებრივი და პოლიტიკური გადასხვაფერება, რომელიც ქართველ ხალხმა განიცადა და დღე მუდამ განიცდის. ამ ნიადაგზე აღმოცენდა კავკასიის რევოლიუცია, მთელი ახალი ისტორია, და თქვენ გსურთ ყველა ეს უკუ აგდოთ, დაგმოთ იმიტომ, რომ სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივა. დიდმა რევოლიუციამ სიკვდილით დასაჯა დიდებული ქიმიკი ლავუაზიე, მარა ამიტომ თვით რევოლიუცია არავის დაუგმია, გარდა რეაქციონერებისა.

ფედერალისტების საბუთი არის საბუთი რუსეთის შავრაზმელებისა. აიღეთ „რუსკოე ზნამია“ და იქ პირველ გვერდზე ნახავთ ასეთ განცხადებას: კადეტთა პარტიის ნაწარმოებნი… და მერე ჩამოთვლილია ვინ სად მოკლეს ან დასჭრეს; გამოდის რომ კადეტებმა მოამზადეს ყველა ამ მოვლენის ნიადაგი, ეს მათი ნამოღვაწევია. ამასვე სწერენ ყოველ დღე „როსია“, „ნოვოე მრემია“ და ბნელეთის სხვა ორგანოები. და ამასვე იმეორებს „ისარი“.

ამნაირათ, საქართველოს და რუსეთის ბნელი ძალების ლოღიკა ერთნაირია, ფედერალისტები პირწმინდათ იმეორებენ „ჭეშმარიტ რუსებს“. ტერორის მთავარი მიზეზი რევოლიუციონერებია, დაჰკარით მაგათ – გაიძახიან ხმა-შეწყობილათ ჭეშმარიტათ რუს-ქართველები.

სოციალდემოკრატია, როგორც რუსეთში, ისე ჩვენში, ამ შავრაზმულ აზრებს ებრძვის და მთელ ბრალდებას რეაქციას ადებს. და მართლაც, „პარტიზანული გამოსვლა“, ტერორი, პირადი „აჯანყება“ ხდება მაშინ, როცა მასსის გამოსვლა იშვიათია, რევოლუცია სუსტია, რეაქცია გამძვინვარებულია და ხალხს სულს უხუთავს.  ოქტომბერ-ნოემბერში, 1905 წ. როცა რევოლუციამ გაიმარჯვა, ტერორი ერთნაირათ გაქრა, საქართველოში არა თუ კვლა, ქურდობაც კი მოისპო. აი რას ნიშნავს სოციალდემოკრატების ბატონობა. ხოლო შემდეგ, როცა რევოლუცია დაძაბუნდა და მტარვალობა გამეფდა – გახშირდა კვლა, ძარცვა  ყაჩაღობა. და აი, სწორეთ ამ ხანაშიც მოკლეს ილიაც.

ცხადია, ილიას, როგორც მაგ. გერცენშტეინის, მოკვლის ნიადაგი მოუმზადა არა რევოლუციამ, არა სოციალდემოკრატიამ, არამედ რეაქციამ.

რუსეთის კადეტებიც კი ყველა ასეთ მოვლენის მთავარ მიზეზათ რეაქციას აღიარებს, რის გამოც ყოველთვის უარს ამბობს ტერორის დაგმობაზე (დუმაში), ხოლო ჩვენი „სოციალისტ-ფედერალისტები“ კი  რეაქციონერთა საშუალებას ვერ გაშორებიან. ვაი სირცხვილო!

ფედერალისტთა „დამსახურების სია“ ამით არ თავდება, ისინი ისე გაიტაცა „ჭეშმარიტ ქართველობამ“, რომ სრულიად აღარ ერიდებიან  „ჭეშმარიტ-რუსთა“ ბანაკიდან ახალ-ახალ საბუთების სესხებას: ეს საბუთი გახლავთ შემდეგი; სოც.-დემოკრატიას „არ სწამს და ეზიზღება მთელი ჩვენი წარსული გვსაყვედურობს „ისარი“.

წარსულის „სიყვარული“, იმ წარსულის სადაც მტარვალობა და ბარბაროსობა იყო გამეფებული, რეაქციონერთა ხელობაა დღეს მთელი ახალი რუსეთი ებრძვის ძველ რუსეთს, ე. ი „არ სწამს“ საუკუნოობით შემუშავბეული და გადმოცემული წარსული, ხოლო რეაქცია კი წარსულის ჩაფრენია და მას ხალხს ძალათ „აყვარებს“. ან შეიძლება ჩვენი წარსული სასიყვრულოა? დაამატკიციეთ ჯერ ეს და მერე გვისაყვედურეთ.

ხოლო მანამდის  კი ჩვენ ვივლით ერთათ ერთი გზით, რომლითაც წარმოებს ყოველი ერის განახლება: ძველის შეძულება თავდებია მოძრაობის დაწყების  ახალი ცხოვრების შექმნის. 

რევოლუცია,  ეს ძველის დანგრევაა. და სანამ  ხალხი ძველს არ უარყოფს, მანამდის ის რევოლიუციას ვერ მოახდენს.

„სიყვარული“ და „ზიზღი“ დიდებული გრძნობაა, ეს ბრძოლის და თავის დადების მიუცილებელი  ღერძია. და თუ ს.-დემოკრატია ამას ნერგავდა ხალხში – დიახაც დიდი რევოლუციური ცეცხლი გაუჩაღებია. და აი ამას, ებრძვის დღეს „ისარი“ ბნელი ძალების სასიხარულოთ.

მეორე მხრით, თუ კი „სიყვარული“ და „ზიზღი“ ჩინებული სააგიტაციო საშუალებაა, სამაგიეროთ ის გამოუსადეგარია ისტორიის კვლევა-ძიებისთვის. ჩვენ ნიგილისტებივით უარს არ ვყოფთ ისტორიას, წარსულს: ჩვენ მარქსისტები ვართ, ხოლო მარქსიზმი წარსულს,  აწმყოს და მომავალს უცქერის არა სიყვარულ-ზიზღის თავლით, არამედ როგორც აუცილებელ პროცესს ცხოვრებისას, რომლის თითოეული საფეხური თავის დროზე პროგრესს წარმაოდგენდა.

ამ დედააზრზე არის აგებული მთელი ქართული მარქსისტული ლიტერატურა. და აი, „ისარი“ ყველა ამას ხელს აფარებს და ერთ სტატიაში ნახმარი ორი სიტყვით („სიყვარული“ და „ზიზღი“) სურს დაახასიათოს მთელი მიმართულება.  ასეთია „ჭეშმარიტ- ქართველთა“ კეთილ – სინდისიერება!

მეორე მხრით, თუ კი „სიყვარული“ და „ზიზღი“ ჩინებული სააგიტაციო საშუალებაა, სამაგიეროთ ის გამოუსადეგარია ისტორიის კვლევა-ძიებისთვის.

მარა ერთი ვიკითხოთ, რა შუაშია  აქ ილია ჭავჭავაძე, ის ხომ აწმყო იყო და არა წარსული? მაშასადამე, წარსულის უარისყოფა რანაირათ უნდა ყოფილიყო ილიას პირადობის უარის ყოფა? აშკარაა, „ისარს“ აქ სახეში აქვს ილიას პოლიტიკური მიმართულება. მას „უყვარდა“ წარსული, ჩვენ კი „გვძულდა“, ამ ნიადაგზე იმართებოდა ჩვენს შორის კამათი, დავა და აი, ამან მოამზადა ნიადაგი მკვლელობისო!  ასეთია „ისარის: „ჭეშმარიტ – ქართველური“ საბუთი, ს.-დემოკრატიის წინააღმდეგ წამოყენებული .

როგორც ხედავთ, ეს უარის ყოფაა  არამარტო ს.-დემოკრატიის, არამედ საზოგადოთ პრესის კამათის აზრთა შეჯახების, ვინაიდან ყველა ეს თურმე თესს ბოროტმოქმედებას.

ასეთ დასკვნამდის „ისარის: ოსტატტნი, „ჭეშმარიტი რუსნიც“, კი არ მისულან, ეს ფედერალისტთა საკუთარი ჭკუის ნაყოფია და მას, იმედია, არ დაივიწყებს ქართველი ხალხი, და ასე სოციალდემოკრატიასთან ბრძოლა „ისარმა“ გადააქცია თვით პრესასთან ბრძოლათ. ჩვენ თურმე „მიწასთან გავასწორეთ“ მგოსანნიც, მწერალნიც, მოღვაწენიც და ასე, ხელი შეუწყვეთ მკვლელობას! „ისარის“ უტიფრობა სწორეთ განუზომელია, ის რაც მეტს ლაპარაკობს – მით უფრო იფლება მის მიერ შემზადებულ ლაფში.

ყველამ იცის, რომ ეს „მიწასთან გასწორება“ გამოიხატა ჩვენი პუბლიცისტების კრიტიკაში, მათი ნაციონალიზმის და უგზო-უკვლობის უარის ყოფაში და მით დემოკარატიული მოძრაობისთვის ნიადაგის მომზადება. და აი, მთელ ამ გონებრივ და ლიტერატურულ მოძრაობას საქვეყნოთ გმობენ  „ისარის“ „სოციალისტები“, ეს დემოკრატიის ტყავში გახვეულნი „ჭეშმარიტი ქართველები“. ახლა მათ ეს ტყავიც ჩამოიძვრეს და თავისი რეაქციონური სულის კვეთება აშკარად დაგვანახვეს.

მით უკეთესი. „ისარი“ არც ამას კმარობს და თავისთავის ასე საარაკოთ გაშოლტვას განაგრძობს. ის სწერს: ყველა ეს მოღვაწენი  „ხალხის პირად მტრათ გამოყავდათ და ბრბოს უსისინებდნენ – ჰკა მაგათო“! საბუთი? მოყავს ერთათ-ერთი და ისიც ეხება მხოლოდ ერთ მოღვაწეს – განსვენებულ ილიას.  მაშ, საიდან გამოატყვრინეს ეს დიდი ტყუილი – ყველა მოღვაწენი გამოყავდათ მტრათო? ვინ შეეხო ამ მხრით აკაკის, ნიკოლაძეს, გოგებაშვილს და სხვას?

ახლა გავსინჯოთ „ისარის“ ის ერთი საბუთი. ამ რამოდენიმე წლის წინეთ „მოგზაურში“ იყო დაბეჭდილი წერილი საგურამოდან ილიას და მის გლეხებს შორის ამტყდარ უთანმოების შესახებ. „ისარის“ აზრით ამ წერილმაც მოამზადა  მკვლელობის ნიადაგი, ე. ი ავტორი წერილისა, ასე ვთქვათ,  „სულიერი მკვლელია“ ილიასი. ეს საბუთიც ერთიანათ რუსეთის შავრაზმელებისგან არის ნასესხები.

მოგეხსენებათ ის ლიტერატურული კომპანია, რომელიც შარშან  ასტეხეს შავრაზმლებმა  „რუსსკოე ზნამიას“ და „ნოვოე ვრემიას“ ფურცლებზე ცნობილი მწერლის კოროლენკოს წინააღმდეგ, რომელმაც მწერლობაში გამოააშკარავა მთავრობის ერთი წარმომადგენლის (ლუჟენოვის) მოქმედება სოფელში, რის გამო შემდეგ ის მოკლეს. აქ მართლაც არის კავშირი ამ ორ ფაქტს შორის: ჯერ კოროლენკოს წერილი და შემდეგ დაუყონებლივ მოკვლა!

შავრაზმელებმა  მორთეს ყვირილი  „სულიერი მკვლელი“ კოროლენკოა, დაატყვევეთ  ისო. ამას წინააღუდგა მთელი ოპოზცია. და მართლაც , თუ კოროლენკო დამნაშავეა, მაშინ ხომ გაუქმდა პრესის თავისუფლება, ვინაიდან კერძო პირების შესახებ წერა ყოვლად შეუძლებელი ხდება და ასე, ბოროტ – მოქმდება და ტირანია აულაგმავი რჩება.  კოროლენკოს არა თუ  იურიდიული, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც კი ნიშნავს პრესის ერთიანთ გათახსირებას და სასტიკ ცენზურაში ჩაყენებას.

და აი, „ისარმა“ წელს წამოაყენა ის საბუთი „მოგზაურის“ წინააღმდეგ, რაც შარშან  „ჭეშმარიტ რუსებმა“ წამოაყენს კოროლენკოს წინააღმდეგ. მაგრამ თუ  უკანასკნელათ კიდევ ჰქონდათ მცირე მიზეზი მაინც, რადგან მკველლობა მოხდა კოროლენკოს წერილის შემდეგ დაუყონებლივ, რა ალაპარაკებს „ისარს“ ამასვე, როცა „მოგზაურის“ წერილსა და ილიას მკვლელობას შორის რამდენიმე წელიწადი გავიდა ? ნუ თუ ჭკვაში მყოფელ კაცს შეუძლია ამტკიცოს, რომ ოდესღაც „მოგზაურში“ დაბეჭდილი წერილი წელს წაიკითხა ვიღაცამ  და იმის გავლენთ მკვლელობა ჩაიდინა?  როცა ძლიერი აგრარული მოძრაობა  იყო, მაშინ ხელი არავის უხლია ილიასთვის, ცხადია, „მოგზაურის“ წერილს სრულიად არ გამოუწვევია  ილიას პირადობასთან შეტაკება, მან ხელი შუწყო მხოლოდ მასსიურ მოძრაობას, გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესებას  და არა მკვლელობას.

პირიქით, მკველელობა ხდება მაშინ, როცა პრესა შებოჭვილია, მოძრაობა ბორკილ დადებულია, ხალხი ნამდვილ გამოსავალს ვერ პოულობს, ის მის გულში იხარშება  და შურიძიებას წყებულობს. ამიტომ მწერლობას სარგებლობა მოაქვს ორივე მხარისთვის.

მოგზაურის წერილმა საიდუმლო სენი გარეთ გამოიტანა; ამით ორივე მხარე გააფრთხილა და მოლაპარაკების გზა უჩვენა. ან  შეიძლება „ისარს“ ჰგონია  არიან ისეთი უპირატესნი, რომლეთა მხილება მწერლობაში არ შეიძლება? ის ალბათ ასე ეფიქრობს, მარა დემოკრტიისთვის ეს არ არსებობს. პირიქით ვისაც მეტი აქვს – მეტი მოეთხოვება, ცნობილ პირებზე და მათ მოღვაწეობაზე ყოველგან სწერენ, მათ თითოეულ შეცდომას ნუსხავენ. ისინი საზოგადოებას ეკუთვნიან მთელი თავისი მოქმედებით. „ისარის“ გოდება – ილიასაც კი შეეხენო,  უბრალო რეაქციონური ჩმახვაა.

როგორც ხედავთ, „ისარის“ მთელი ლოღიკა და დასაბუთება შავრაზმულია, მისი ერთი რომელიმე ნაწილის ცნობა რევოლიუციის პირდაპირი უარყოფაა. მისი მორალის მიღება პრესიის დაცემაა, და ძველი „კაი დროის“ მობრუნებაა.  და რამდენათ ეს „ისარმა“ მოიმოქმედა და ილიას საფლავზე თავისი განგაში ასტეხა, იმდენათ ის შეიქმნა საქართველოს ბნელი ძალების შემომკრები და წინამძღოლი.  ამიერიდან, ბანაკები ჩამოყალიბებულია: ერთი მხრით დგას ყველა პარტია ფედერალისტების მეთაურობით, მეორე მხრით კი – ერთათ ერთი სოციალდემოკრატია. ის არის მარტო, მარა მის მარტოობაში იხატება მთელი მისი სიძლირე. არჩევა თვალხილულთათვის გაადვილებულია.

დასასრულ უნდა ვაღვიარო, რომ პოლემიკის ატეხა განსვენებულის სახელის გარეშემო, თუნდაც ეს მას პირადაპირ არ ეხებოდეს, მეტათ უხერხულად მიმაჩნია, და თუ მაინც ეს წერილი დავსწერე – ამის მიზეზი მოკითხეთ ფედერალისტებს, რომელთაც გლახა ჭრიაშვილივით არ გაათავეს თავისი განაგაში და რომელთა შესახებ განსვენებულ ილიას ერთი რამ ეთქმის: ღმერთო მაშორე ასეთ მეგობრებს…

28 სექტ.

 ნ. ჟ.

მსგავსი/Related

Back to top button