რესპუბლიკის ამბები

ანარქიული განწყობილება დიდველა-როკითში, ძარცვავენ ქუთაისი-ბაღდადის დელეჟნებს

„საქართველო“, მაისის 14, 1919 წ. N103.

სოფ. როკითი. (ქუთაისის მაზრა) ამ სოფელში სახადმა და „ისპანკამ“ დიდძალი მსხვერპლი შეიწირა. ახლაც ბევრია სახადით ავადმყოფი. როკითში და დიდველაში ამჟამად მრავალი დეზერტირი თავისუფლად დასეირნობს, მათ მთავრობის ოდნავადაც არ ეშინიათ. ანანოვის ტყის დაცვა დღემდის ვერ მოეწყო ხეირიანად და სოფლელები უმოწყალოდ სჩეხენ ას წლობით ნაშენ-ნაზარდ ტყეს. ანანოვის ტყეში მიმავალ შარა გზაზე თავდასხმები გახშირდა, უხვდებიან ქუთაის-ბაღდადის დელეჟნებს. საადგილმამულო კომისიამ ზეკარის სამკურნალო ამხანაგობას ჩაბარებას თითქმის ორი თვე მოანდომა და ბოლოს, როგორც იქნა მიიღო აბანოები.

აბასთუმნისკენ წესიერი მიმოსვლა აღდგენილია. სოფელში ხალხის სულიერი განწყობილება ანარქიულია, ნებით არავის ესმის თავის მოვალეობა და არც არავინ ძალით აგნებინებს. ადგილობრივ სამკითხველოს გაზეთები უწესრიგოდ მოსდის [.] დღეს გაზეთების თავის დროზე მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კარგი იქნება სამკითხველოს მუდმივი მზრუნველები კახიანის ქალები არც წელს დააკლებდენ სოფლის კულტურულ დაწესებულებას თავის მზრუნველობას და მის საქმეს მოაგვარებდენ.

როკითელი

მსგავსი/Related

Back to top button