რესპუბლიკის ამბები

ყაჩაღთა თარეში

გაზ. „საქართველო“, 1919 წელი, 15 აპრილი, N83.

            პოლიტიკური მესვეურნი ერთობ „უმაღლეს პოლიტიკით“ არიან გატაცებულნი! „რეფორმატორულ“ გასაქანს საზღვარი არ უჩანს …

            ამავე დროს სახელმწიფოში რიგიან და მყუდრო ყოფა-ცხოვრების საშუალებას მოკლებულ არიან ყველა მოქალაქენი.

            რესპუბლიკა ბანდიტების სათარეშოდ არის გადაქცეული.

            აღვირ ახსნილი ყაჩაღობა კიდითკიდემდე მოსდებია მთელ ჩვენს ქვეყანას! ათასი ჯურის მძარცველები – სპეკულიანტებიდან დაწყებული და ქუჩაში დაუფარავად და მოურიდებლად დამბაჩა ამოღებული ავაზაკით გათავებული – შიშის ზარსა სცემენ მწუხრში ჩავარდნილ მშვიდობიან მცხოვრებს …

            სავალალოა არა ნაძირლების უზომო თავგასულობა: ასეთი მოდგმის სუბიექტები არ დაილევა აროდეს! სამწუხარო ის არის, რომ მძარცველები და ქურდები დაუსჯელად აკმაყოფილებენ თავის მდაბალ ინსტიქტებს, ხოლო რესპუბლიკის „თავისუფალი“ მოქალაქენი სავსებით მოკლებულ არიან სახელმწიფოსაგან თავდაცვას.

            ყაჩაღები თვითეულად და ხშირად ურიცხვ რაზმებითაც ყველგან  ახდილად გაცხარებულ მუშაობას აწარმოებენ! მათი ვინაობა და ბინადრობაც ადმინისტრაციამ იცის აქაც და პროვინციაშიც, მაგრამ ყაჩაღი მაინც განაგრძობს ძარცვა-ხოცვას სრულიად დარწმუნებული თავის „იმუნიტეტში“ …

            ჩვენს ქვეყანას არასოდეს არ მოჰყოლია ისეთი მრავალრიცხოვანი და სხვა და სხვა ყაიდის ძალდატანების სპეციალურ დანიშნულების აპარატი, როგორც ეხლა სოციალისტების გამგებლობის ხანაში,  – მაგრამ, ვის ახსოვს, ასეთი დაუსრულებელი და წრეგადასული აწიოკება ხალხისა?

            ადმინისტრაცია აღჭურვილია სრული უფლებით და შიგა და შიგ გადამეტებული კომპეტენციით; გარეგნულად მართვა-გამგეობაც თითქოს თავის დონეზე სდგას; თითქოს ზომებსაც იღებდნენ ხალხის შემწუხებლების ასალაგმავად, მაგრამ ნაძირლების ტერორი უფრო მეტის გაშმაგებით მოქმედებს.

            უნდა გამოგიტყდეთ, მოგვბეზრდა ამ საგანზე წერა,  და მართლაც შესაზარია ყოველდღიურად აღნუსხვა მინებებულ ხალხის ჟლეტისა!

            ჩვენ კი სწორედ ამ აუტანელ თავხედობის ჟამს ყოველმხრივ ემანსიპაციას და გაბედნიერებას გვპირდებიან და სოციალურ სამოთხეს „გვაახლოვებენ“.

            ამაზე მეტი დაცინვა წარმოუდგენელია!

            ხალხის პირადი ცხოვრება უკიდურეს ყოფაშია! არავინ არის უზრუნველყოფილი, რომ დღეს-ხვალ არამზადას მეთაურობით სხვა ასეთივე არამზადები სიცოცხლეს არ მოუსპობენ, ან მთლად შიშველს არ დასტოვებენ!

            საგაზეთო ქრონიკა მხოლოდ იმასღა გვაუწყებს, რომ საქართველოს მოქალაქენი: გაძარცვეს, მოჰკლეს, გააუპატიურეს, გაქურდეს, სცემეს, დაასახიჩრეს და სხვა …

            ვინ არის ხალხის პატრონი და მშველელი?

            სადამდის უნდა მივიდეს ასეთი შეურაცხმყოფელი მდგომარეობა?

            სად არის სახელმწიფოს დამსჯელი კანონი, რომ მრისხანედ და ულმობლად არ მოევლინება ქვეყნის ამრევ-დამრევებს და არ მოსპობს ბანდიტების ბუდეებს!…

მსგავსი/Related

Back to top button