ახალი ამბები

სოხუმი და ცხინვალი საქართველოში ნატოს ქმედებებს აკრიტიკებენ

Tags

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ხელისუფლებებმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები 2019“ გააკრიტიკეს.

25 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება „ღია გამოწვევაა აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ“. „მოვუწოდებთ თბილისს და ბრიუსელს აღიარონ სამხედრო ამბიციების ამგვარი ღია დემონსტრირების დესტრუქციული ბუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმის განცხადებით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მორიგი განცხადებები „მათი კლიენტი სახელმწიფოს მხარდასაჭერად“, ასევე მათი სამხედრო მხარდაჭერა თბილისის მიმართ, „საქართველოს ლიდერებს გაზრდილ მოლოდინებს უღვივებს, მილიტარისტულ განწყობებს უწყობს ხელს და კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის“.

ამავე თემაზე საუბრისას ოკუპირებული ცხინვალის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა 26 მარტს განაცხადა, რომ „ნატოში საქართველოს შესაძლო წევრობის თემის პერიოდულად წამოწევა საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ ზრახვებს და შემდგომი ავანტიურების მცდელობებს უწყობს ხელს“.

„სამხრეთ ოსეთში ეს განიხილება როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება. სწორედ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების ერთ-ერთი დეტონატორი“, – განაცხადა მედოევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოწოდებები რუსეთისადმი, რომ უარი თქვას ორი რეგიონის აღიარებაზე, „კარგადაა ცნობილი“. „ეს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მან სამხრეთ ოსეთის ხალხის სტაბილურობისა და უსაფრთოების მყარი გარანტიები შექმნა“, – განაცხადა მედოევმა.

ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა და ის 29 მარტამდე გაგრძელდება. სწავლებაში ნატოს 21 მოკავშირე და სამი პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, 343 სამხედრო მონაწილეობს.

სამხედრო სწავლებას 25 მარტს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button