skip to content
ახალი ამბები

თბილისის მახლობლად ნატო-საქართველოს წვრთნები დაიწყო

18 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად დაიწყო.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა და ის 29 მარტამდე გაგრძელდება. სწავლებაში ნატოს 21 მოკავშირე და სამი პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, 343 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ხელს უწყობს საქართველოს, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

18 მარტს გახსნის ცერემონიის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ წვრთნა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს და რომ ის რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„აღნიშნული სწავლება ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, მისი შედეგი იქნება ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესება, თავდაცვის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერება და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა და მასში 13 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან“ (JTEC) ერთად უხელმძღვანელებს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC) უწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button