ახალი ამბები

შსს-სთან თანამშრომლობით, საფრანგეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ, 13 თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, ერთი „ქურდული სამყაროს“ წევრი.

უწყების მიერ პირველ მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს“. „დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ“, – განმარტავენ შსს-ში.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ საქმე საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 312-ე და 450-ე მუხლებით აღიძრა, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

სამინისტროს განმარტებით, 2018 წლიდან დღემდე, ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული 20 ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მძიმე დანაშაულში ბრალდებული საქართველოს 137 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button