ახალი ამბები

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება დატოვა

Tags

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ მის მიერვე დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ მან 22 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღევანდელ ბრიფინგზე ბესელიამ მმართველი გუნდის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელმაც ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და მისი გუნდიდან წასვლის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, რთულია, იმ პარტიიდან წასვლა, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის „სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც“. ბესელიამ აღნიშნა, მან შიდა დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა და წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო.

„ქართული ოცნება პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა, ჩვენ გვაქვს დღეს ღირებულებათა სხვაობა… ის რაც ჩვენ შევქმენით ის შორს არის იმ იდეალებისგან, რასაც ეფუძნებოდა ეს პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას, გუნდში არსებულ სიტუაციაზე, ბესელიამ უპასუხა: „ყველა თვითონ აკეთებს თავის არჩევანს, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, ყველამ გააკეთოს თავისი წილი არჩევანი, ამ არჩევნის მიხედვით ფასდება ადამიანის ნაბიჯები, ვინც არ უნდა იყოს ეს – პარტიის თავმჯდომარე, თუ პარტიის სხვა რომელიმე წევრი“.

ბესელიას განმარტებით, მისი გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი მმართველი გუნდის მიერ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარი და „იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება“ იყო.

მან უკვე ყოფილი თანაგუნდელების ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკური უწიფარობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად განაგრძობს, ვისაც იდეალებისთვის არასდროს უღალატია. მანვე ნაციონალურ მოძრაობასთან და „მის ნარჩენებთან“ თანამშრომლობა კატეგორიულად გამორიცხა. თანამშრომლობის ალბათობა დაუშვა პატრიოტთა ალიანსთან.

ამის შემდეგ დეპუტატმა ის ხუთი მთავარი პრინციპი ჩამოაყალიბა, რაც მისივე შეფასებით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. მისი განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს კონსტიტუციურ ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც თანაბრად შეეხება როგორც უკვე უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს, ისე მათ, ვისი გამწესებაც იგეგმება „ნდობადაკარგული“ იუსტიციის საბჭოს მიერ.

ამასთან, ბესელიას განმარტებით, უსწრაფესად უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაიწყოს იუსტიციის სკოლის რეფორმა და დაიწყოს ახალი მოსამართლეების შემოსვლა „სასამართლო ხელისუფლების შიგნით“. ამასთან, უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც „არ იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ რეჟიმთან და არ იყვნენ მათი მსახურნი“.

„დღეს, ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ამას ჩვენ ვხედავთ ღიად პარლამენტის თავმჯდომარის და იმ ადამიანების სახით, ვინც მე არასდროს მინახავს სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის შეცვლისთვის ბრძოლაში“, – განახადა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გუშინვე განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ კი განმარტა, რომ ის გადაწყვეტილებას თანამოაზრეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

დაპირისპირება პარლამენტში

ბესელიას პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ პარლამენტის მიერ პლენარულს სხდომაზე მისი და კიდევ 8 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას მოჰყვა, რომელიც სასამართლო სისტემის პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

საკანონმდებლო წინადადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა მან მხოლოდ 45 დეპუტატის ხმა მიიღო, 17 დეპუტატი კი, წინააღმდეგი წავიდა. ბესელიას ინიციატივას მხარი ევროპული საქართველოს 15-მა, ნაციონალური მოძრაობის 5-მა, პატრიოტთა ალიანსის 6-მა, ორმა უფრაქციო და ქართული ოცნების 17-დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გუშინდელი სხდომა უმრავლესობის დეპუტატებს შორის მწვავე დებატების, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ეკა ბესელიას ინიციატივას მხარს უჭერდა, ნაწილი კი, მის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებდა. ამასთან, ისინი ეჭვობდნენ, რომ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობას შეამცირებდა. ეს კი, თავის მხრივ, სისტემის კოლაფსს გამოიწვევდა.

საპირისპიროს ამტკიცებდა თავად ეკა ბესელია. მისი განმარტებით, ინიციატივა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა და მისი მიღების შემთხვევაში, არც მოსამართლეთა რაოდენობა შემცირდებოდა.

სხდომაზე ერთმანეთს ეკა ბესელია და პარლამენტის თავმჯდომარეც დაუპირისპირდნენ. ირაკლი კობახიძემ ბესელიასა და კანონპროექტის თანაავტორების ნაციონალურ მოძრაობასთან კონსესუსზე მიუთითა. ამას პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ეკა ბესელიას კრიტიკული დასკვნითი სიტყვა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button