ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ინდივიდუალური მოქალაქეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარტია ქართული ოცნების 5 თებერვლის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ სასამართლოს იდეის „დასამარებას“ არ დაუშვებს.

აღნიშნულის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიერ 6 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. დღესვე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და განცხადების ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეს. ამ ფორმით მათ სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანური მმართველობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

საინიციატივო ჯგუფში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. მათივე განმარტებით, ეს სწორედ ის ჯგუფია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, „მართავდა და ტოტალურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს“.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი, 5 თებერვალს რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ“ და მათ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც „თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს“.

განცხადების ავტორები განმარტავენ, რომ საზოგადოება „სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღებისა და რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას კვლავაც გააგრძელებს“. „გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს“, – აცხადებენ ისინი.

ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ პარტია „სასამართლო ხელისუფლების უსამართლო და მიუღებელ დისკრედიტაციას“ არ დაუშვებს. განცხადებაში ოცნება არასამთავრობო სექტორს ნაციონალური მოძრაობასთან აფილაციაშიც ადანაშაულებს.

გუშინვე, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში სტუმრობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგის გატარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მოსამართლეთა კორპუსის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„[2012 წლამდე სასამართლოში] იყო მილიონი ცუდი ქეისი, ახლა არის არცერთი და ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა სისტემა, შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button