ახალი ამბები

ბიზნესასოციაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ

საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დავით მათიკაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ, რომ პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, უმოკლეს ვადებში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელოს.

ღია წერილი ბიზნესასოციაციებმა 25 იანვარს გაავრცელეს. წერილის მიხედვით, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო და საერთაშორისო სავაჭრო პალატა, სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით „შეშფოთებას“ გამოთქვამენ.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო… ეს ცუდია, არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნესგარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე“, – ნათქვამია წერილში.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ბიზნესასოციაციები პარლამენტს მიმართავენ უმოკლეს ვადაში საკანონმდებლო, საჭიროების შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო ცვლილებები შემუშავდეს. მათივე განცხადებით, მოსამართლეთა შესარჩევი და დანიშვნის პროცედურების „საერთაშორისო პრაქტიკასთან და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებთან“ დაახლოების მიზნით, ისინი მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის მზად არიან.

ღია წერილის ასლები ასევე დაეგზავნათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button