ახალი ამბებიკონფლიქტის ამბები

თბილისი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მოქალაქეობის დადგენის პროცედურებს ამარტივებს

2018 წლის 1 თებერვლიდან საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები შედის ძალაში, რაც საშუალებას მისცემს იმ პირებს, რომლებიც

  • 2001 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ,
  • მას შემდეგ სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღიათ,
  • ასევე მათ შთამომავლებს

გამარტივებული წესით მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება პირის იდენტიფიცირებისთვის სოხუმის და ცხინვალის მიერ გაცემულ დოკუმენტებს მიიღებს მხედველობაში.

18 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ყველა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რაც ჩვენ გვაქვს – კონკრეტულად ეს ეხება ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლას“.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის აპარატიც ცვლილებების ინიციატორია, განმარტა, რომ მოქალაქეობაზე განაცხადები ერთი თვის მანძილზე იქნება განხილული და მომსახურება უფასო იქნება. იმ შემთხვევაში თუ პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (როგორიცაა დაბადების მოწმობა) უკვე ეროვნულ მონაცემთა ბაზაშია, განაცხადის შეტანა საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, პირადად გამოცხადების გარეშე, განაცხადა მინისტრმა.

„მე ვფიქრობ, რომ ამით ჩვენ შევასრულეთ პირობა და გადავდგით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ რეალურად გავხადოთ ხელმისაწვდომი სარგებელი, რომელიც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შესრულებული დაპირება

საქართველოს მთავრობა პირობა დადო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის სამშვიდობო ინიციატივიის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქალაქეობის მიღების პროცედურებს გაამარტივებდა.

ამის შემდეგ შერიგების სამინისტრომ წარადგინა, ხოლო პარლამენტმა დაამტკიცა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომლითაც მოქალაქეობის მიღების თაობაზე ორი რეგიონის მოსახლეობისთვის სამართლებრივი უფლება განისაზღვრა, ასევე კანონში ოკუპაციის შესახებ, რომელმაც უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ განმცხადებლის იდენტიფიცირებისთვის ცხინვალის და სოხუმის მიერ გაცემული დოკუმენტები გამოეყენებინათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button