skip to content
ახალი ამბები

ევროკომისია: საქართველომ არალეგალური მიგრაციის გამოწვევები უნდა მოაგვაროს

საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულებას, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო არალეგალური მიგრაციის გამოწვევების მოსაგვარებლად, ნათქვამია ევროკომისიის მეორე შეფასებით ანგარიშში, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადდა და 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს წარედგინა, საუბარია დასავლეთ ბალკანეთის ხუთი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებაზე. ყველა ამ ქვეყანამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის დიალოგი.

დოკუმენტის იმ ნაწილის თანახმად, რომელიც საქართველოს ეხება, „მართალია კონკრეტული ღონიეძიებები მომზადდა არალეგალური მიგრაციის გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყონებლივი ქმედებები ამ გამოწვევების მოსაგვარებლად, რომელთა შორისაა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების მზარდი რაოდენობა“.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლის პირველი ნახევრიდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე პერიოდში, შენგენის ზონაში შესვლაზე უარის თქმის და უკანონოდ დარჩენის ტენდენცია „მნიშვნელოვანი ზრდით“ ხასიათდება.

„2018 წლის პირველ ნახევარში, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. 2018 წლის პირველ ნახევარში 9 680 განაცხადი იქნა შეტანილი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში – 4 770“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც გერმანია და საფრანგეთი ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისთვის მთავარი დანიშნულების ქვეყნებია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთან თანამშრომლობა რეადმისიის და დაბრუნების თაობაზე „კარგად ხორციელდება და უნდა გაგრძელდეს“.

ევროკომისია მიესალმა პირველ ანგარიშში გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს და აღნიშნა, რომ ის „განაგრძობს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარებას, ასევე ზრდის ოპერატიულ თანამშრომლობას იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომელთაც არარეგულარული მიგრაცია ყველაზე მეტად შეეხო“.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადების ზრდის საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ასევე არარეგულარული მიგრაციის აღსაკვეთად. ამას გარდა, ანგარიშის თანახმად, ქვეყანა ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული უფლებების და ვალდებულებების შესახებ, რა დროსაც აქცენტი ევროკავშირის თავშესაფრის პროცედურების დარღვევის დაუშვებლობაზე კეთდება.

ანგარიშში ასევე საუბარია ორგანიზებული დანაშაულის საკითხზე. დოკუმენტის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან „კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოდგენილი არაევროკავშირის მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროკავშირში, კერძოდ კი საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვედეთში სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობენ“.

ევროკომისიის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „გაააქტიურა თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად“, თუმცა „საჭიროა შემდგომი საპოლიციო თანამშრომლობა ყველაზე მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან, რათა ევროკავშირზე ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ზემოქმედება შემცირდეს“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „საერთო ჯამში, საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს ანტი-კორუფციული რეფორმების განხორციელების საქმეში, თუმცა მაღალი დონის კორუფციის და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ჩართულობის საკითხები კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნარკოტრეფიკინგი ის საკითხია, რომლის მონიტორინგიცაა საჭირო.

ქვემოთ მოცემულია ის სფეროები, რომელსაც ანგარიშის თანახმად საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • დაინტერესებულ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება, რათა სწრაფად შემცირდეს შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დაუსაბუთებელი განაცხადების რაოდენობა;
  • სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით;
  • უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული უფლებების და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელება;
  • სასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა;
  • ანტი-კორუფციული სისტემის გაძლიერება, მათ შორის, დამოუკიდებელი ქონების ზღვევინების სამსახურის შექმნა.

კომისიის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, რომელიც შეფასების ანგარიშს ახლავს თან, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 291 943-მა მოქალაქემ ისარგებლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button