ახალი ამბები

ევროკავშირის მთავარი დიპლომატები ევროკომისიისგან „უცხოელი აგენტების“ კანონის გავლენის შესახებ ზეპირ განცხადებას ითხოვენ

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკომისიას ზეპირი განცხადების მომზადებისთვის მიმართეს, ნათქვამია წერილში, რომელიც რადიო თავისუფლების ქართულმა ბიურომ გაავრცელა.

10 მაისით დათარიღებული წერილის ადრესატები არიან საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. წერილს ხელს აწერს 12 ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე.

„გიგზავნით პირდაპირ და მკაფიო გზავნილს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია წერილში, რომლის თანახმადაც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგებზე უნდა მიეთითოს, რადგან კანონის მიღება „არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან“.

მინისტრები სთხოვენ ბორელს და ვარჰეის მოამზადონ ზეპირი განცხადება იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. „ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება“, – ნათქვამია წერილში.

„შემოთავაზებული კანონი საქართველოში დემოკრატიული და ადამიანის უფლებათა უკუსვლის შემაშფოთებელი ტრაექტორიის კიდევ ერთი ნიშანია“, – ნათქვამია წერილში. „ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების ჩახშობა, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან“.

წერილში ასევე ნახსენებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოტა ხნის წინანდელი გამოსვლა, რომელმაც, მინისტრების თქმით, კიდევ უფრო გააძლიერა ხელისუფლების შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან.

მინისტრების წერილს წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლებისა და დიპლომატების არაერთი გაფრთხილება, რომ სადავო კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. თუმცა, აქამდე ბრიუსელს არ დაუკონკრეტებია რა შედეგები მოყვება კანონის მიღებას.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და დასძინეს, რომ ისინი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით დგანან, „ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტული თავისუფლებების სასარგებლოდ“.

„ქართული ოცნება“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას 14 მაისს გეგმავს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს მაშინ, როცა მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კანონპროექტის „უცხოელ პარტნიორებთან“ განხილვისთვის. თუმცა 12 მაისს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც შეეხება კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ და პრეზიდენტის ვეტოს, „არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს – ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button