
ვალტონენმა მედიას აცნობა, რომ კობახიძესთან შეხვედრა ფინურმა მხარემ გააუქმა
ფინურმა გაზეთმა Helsingin Sanomat-მა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა, რომელიც საქართველოს ეუთოს თავმჯდომარის რანგში სტუმრობდა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. თუმცა, მანამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გააუქმა მინისტრის ქმედებების გამო.
ვალტონენმა მედიას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება „ფინეთის ინიციატივით იქნა მიღებული გრაფიკის ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ გუშინ ღამით აცნობეს“.
„მე სპეციალურად წავედი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ“, – განუცხადა ვალტონენმა გაზეთს.
„საქართველოს მთავრობის საქმეა, როგორი რეაგირება ექნებათ. სამწუხაროდ, მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში ჩავსულიყავი“, – დასძინა ეუთოს თავმჯდომარემ, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.
This post is also available in: English