skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად მთავრობა ზომების გამკაცრებას გეგმავს

შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობა ზომების გამკაცრებას გეგმავს, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური 9 თებერვალს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს“.

„საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და სხვა.

ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, კერძოდ კი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ამ მიზნით, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

28 მარტს საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ერთ წლისთავს აღნიშნავს, რამაც საშუალება მისცა ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე უვიზოდ ემოგზაურათ შენგენის ზონის ქვეყნებში.

ევროკავშირი შეჩერების მექანიზმს, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით, „შესაბამისი და ობიექტური მონაცემების“ საფუძველზე იმ შემთხვევაში აამოქმედებს, თუ მესამე ქვეყნებიდან გაიზრდება არალეგალების რაოდენობა, თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადები, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ეს მოქალაქეები პრობლემებს შეუქმნიან შიდა უსაფრთხოებას.

5 თებერვლის მდგომარეობით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ნორვეგიამ და შვეიცარიამ საქართველოს მოქალაქეებისგან 1465 პირველადი განაცხადი მიიღეს საერთაშორისო დაცვის თხოვნით, რაც თითქმის სამჯერადი ზრდაა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (568 განაცხადი).

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button