
შსს-მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გზის გადაკეტვისთვის“ დააჯარიმა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკვეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა. იმავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა აქციაში მინისტრის მონაწილეობასა და მის განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ქმედებები „შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან“.
საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა „ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“.
„ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს“, – ნათქვამია სამინისტროს ნოტაში.
უწყების თქმით, ვალტონენის ქმედებები „შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა – სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას“.
This post is also available in: English