ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზეიმობს


პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი იყო რომელმაც უვიზო რეჟიმით ისარგებლა. 28 მარტი, 2017. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან და სტუდენტების ჯგუფთან ერთად 28 მარტს ათენში გაემგზავრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად.    

ათენში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო კონფერენციაში „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“. მოგვიანებით, ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება.

"დღეს ისტორიული დღეა – საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.  

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„დღეს მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში – ათენში… შუადღით გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში – ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას“, – აღნიშნა მან.

28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში 180-დღიან პერიოდში 90 დღით საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური მიზნებით გაემგზავრებიან, ვიზები აღარ დასჭირდებათ.

ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის 1 მარტს დასრულდა, როდესაც ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეგულაციას მოაწერეს ხელი.

უვიზო რეჟიმი გავრცელდება შენგენის ზონაზე, რომელშიც ევროკავშირის 22 წევრი სახელმწიფო შედის (გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, კვიპროსის, ხორვატიის, რუმინეთის და ბულგარეთის გარდა), ასევე ისლანდიაზე, ლიხტენშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button