ახალი ამბები

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა

Tags

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს. ამ მიზნით, ის ქართულ ოცნებას კონსულტაციებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

შესაბამისი მოთხოვნები გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 2 დეკემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გაახმოვანა. მისი შეფასებით, „28 ნოემბერს ჩვენ გვქონდა ძალადობა და შანტაჟი, მოსყიდვა, პირადობის მოწმობების გაყალბება, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, სუს-ის მიერ მართული კრიმინალი, საარჩევნო უბნებთან დახვედრა, ხმის ფარულობის დარღვევა, კარუსელები, ათი ათასობით ბიულეტენის გაუქმება“.

„28 ნოემბერს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო კრიმინალურ-ტერორისტული სპეცოპერაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა – „ჩვენ შევიტანთ სასამართლოში სარჩელს რომ ეს არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად“.

ვაშაძის განცხადებით, „აღარ შეიძლება 48 %-იან პარტიას ჰქონდეს საპარლამენტო უმრავლესობა…ქართულ ოცნებას აღარ აქვს პოლიტიკური მანდატი და ნდობა სახელმწიფო მართვისთვის“. მანვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაახმოვანა და განმარტა, რომ ამას პირველ ეტაპზე, წინ „ცესკოდან დაწყებული, უბნებამდე დამთავრებული“ საარჩევნო სისტემის ცვლილება უნდა უძღოდეს.

„კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო ექსპერტების მიერ…უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც სხვა არაფერი არ არის, თუ არა გაყალბების კიდევ ერთი ინსტრუმენტი“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ „საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მინისტრის მოადგილეებს.

გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და შეთავაზებულ ინიციატივებზე კონსულტაციების გამართვისთვის, ქართულ ოცნებას „თუნდაც 5 კაციანი“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. „სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად, დავსხდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკურ კრიზისიდან“, – განაცხადა მან და ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

მანვე განმარტა, რომ ოპოზიციის აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ხაზი გაუსვა, რომ პროცესები კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში წარიმართება.

„ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად გავიმარჯვებთ კონსტიტუციური და სამართლებრივი გზით, ვერავითარ პროვოკაციაში ჩვენ ვერ შეგვითრევენ, იმიტომ, რომ ჩვენ გამარჯვებული მხარე ვართ ჩვენ ამ ქვეყნის ამოყვანა გვინდა პოლიტიკური ჭაობიდან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად, შეკრებილებს Skype-ის საშუალებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში „კატასტროფა უკვე დადგა, ვინაიდან საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა“.

„დღეს, ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ და აღარაფერს გადავყლაპავთ…ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, თავაწეული, მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს, არასდროს შევურიგდებით უსამართლობას, არასდროს დავიხევთ უკან…ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა, ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სრული გამარჯვებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ ის „ამ ბრძოლაში არის თანასწორი“ და „ერთ-ერთი თქვენთაგანი“ და იქვე დასძინა, რომ „როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით“. „საქართველოს აქვს დიდი მომავალი, მე ღრმად მწამს საქართველოს მომავლის და დღეს იბადება აი ამ მოედანზე“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლიტიკური შეფასებები

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ინიციატივას ქართულ ოცნებაში უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნაციონალურ მოძრაობას „ანტისახელმწიფოებრივი“ ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ “ყველაფერი, რაც იქ გუშინ ხდებოდა, იყო კომიკური და არასერიოზული, მათ შორის ის ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა მათი მხრიდან”.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის ქალაქის განვითარება, ქვეყნის განვითარება, მზადება ინაუგურაციისთვის, რომელიც შედგება 16 დეკემბერს და ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ პერსპექტივით დაკავდნენ“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

ძალა ერთობაშიას მოთხოვნებს დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს არის დესტრუქციული ძალა [ნაციონალური მოძრაობა], რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება” და მათ ქართველმა ხალხმა არჩევნებზე „შესაბამისი პასუხი” გასცა. „ქართველმა ხალხმა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა სიძულვილის ენით მოლაპარაკე ადამიანებს და უთხრა არა ბოროტებას“, – განმარტა თბილისის მერმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას იზიარებენ ევროპულ საქართველოში. პარტიის ერთ-ერთი წევრის სერგო რატიანის თქმით, „ის მანდატი, რომელსაც ფლობს დღეს ხელისუფლება, მას არ ეკუთვნის. ამიტომ, აუცილებელია ვიფიქროთ ვადამდელ არჩევნებზე“. „ოღონდ მანამდე აუცილებელია, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა. ამის გარეშე ვხედავთ, რომ უბრალოდ ტარდება უსამართლო არჩევნები“, – განმარტა დეპუტატმა. საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის მიმართ მხარდაჭერა 30 ნოემბერს ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც გამოხატა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩევლის ხმების 59.52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, ხმების 40.48 % მოაგროვა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, 29 ნოემბერს, არჩევნების მეორე დღეს ფილარმონიაში მხარდაჭერებთან შეხვედრა გამართა და რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება დააანონსა. გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან ნახევრად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button