ახალი ამბები

ძალა ერთობაშია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

Tags

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებისგან პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონულ სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ამის შესახებ დღეს თბილისის ფილარმონიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მან საკუთარ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს“.

მისივე თქმით, „რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“.

„28 ნოემბერს ჩვენ ვნახეთ ნამდვილი სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონეს – დაშინება, მასშტაბური მუქარები კრიმინალების და ნარკომანების მოლეკვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არჩევნების ფარულობის დარღვევა და მოქალაქეების პირადი მონაცემების უკანონო გამოყენება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, ჩვენ საქართველოში გვქონდა არა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის არანაირი მორალური უფლება არ აქვს.

გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები გაახმოვანა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. ასევე ოპოზიცია საარჩევნო კომისიების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ დაკომპლექტების მოთხოვნასაც აყენებს.

ამ მოთხოვნებით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაციის მოწყობას გეგმავს. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით ვართ და დავრჩებით საქართველოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში…ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ. ხელისუფლებას, თუ რა არის ნამდვილი ევროპელი და რა არის ნამდვილი ქართველი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფილარმონიაში შეკრებილებს სკაიპის საშუალებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა და მათ ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის განმარტებით, ისინი იმ არჩევნების შედეგებს, რომლის ლეგიტიმურობაც „მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა“, არ ცნობენ. მისივე თქმით, „ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია გრიგოლ ვაშაძე“ და „ჩვენ გვჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩევლების ხმების 59.52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, ხმების 40.48 % მოაგროვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button