skip to content
ახალი ამბები

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისის ხეობის მკვიდრი, აიუფ ბორჩაშვილი, დამნაშავედ ცნო ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის საქართველოში მებრძოლების გადაბირებაში.

ოთხთვიანი პროცესის შემდეგ სასამართლომ 7 მარტს განაჩენი გამოიტანა და ბორჩაშვილს 14–წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბორჩაშვილი 2015 წლის ივნისში დააკავეს და მას შემდეგ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

მასთან ერთად ასევე დააკავეს სამი თბილისელი, რომლებიც, როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, ბორჩაშვილმა გადაიბირა და რომლებიც თურქეთში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა შემდეგ სირიაში გადასულიყვნენ.

ორი მათგანი – დავით ფირისებია და გიორგი ხუტუნიშვილი – სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შესაბამისად. ორივე მათგანი 2015 წლის ივნისში დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ისინი თურქეთის გავლით სირიაში გეგმავდნენ გამგზავრებას ისლამურ სახელმწიფოში გასაწევრიანებლად, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს.

დაცვის მხარემ დავით ფირისებიას და გიორგი ხუტუნიშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „გაუმართლებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ გაასაჩივრებენ მას.

მესამე პირი – გიორგი კუპრავა, რომელიც ასევე დააკავეს 2015 წლის ივნისში, თავდაპირველად უარყოფდა ბრალდებებს, თუმცა 22 თებერვლის სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა და ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა, რის შედეგადაც ის ერთ წელს პატიმრობაში გაატარებს, ხოლო პირობით სასჯელად ხუთი წელი განესაზღვრა.

ბორჩაშვილი, რომელიც სოფელ ჯოყოლოს მკვიდრია, სასამართლომ ასევე ცნო დამნაშავედ 2015 წლის აპრილში პანკისის ორი მკვიდრის, რომლებიც იმ დროს 16 და 18 წლისანი იყვნენ, გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაში.

მსგავსი/Related

Back to top button