skip to content
ახალი ამბები

სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაციისას ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის ფაქტი დაადასტურა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი – ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე, ISIS-ის წევრი, ახმედ ჩატაევია, რომელმაც სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის მიერ, 1 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩატაევის იდენტიფიცირება „ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის, დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით“ მოხდა. მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული დანარჩენ ორი პირის იდენტიფიკაციის პროცესი „საერთაშორისო პარტნიორების“ ჩართულობით გრძელდება. 

ნინო გიორგობიანის განცხადებით, „გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან“. 

დღესვე, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში კიდევ ორი პირი შედიოდა, რომლებმაც სპეცოპერაციის დროს გაქცევა მოახერხეს.

ანტი-ტერორისტული ოპერაციის თემაზე, 1 დეკემბერს, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. დანაშაულებრივი ჯგუფის საქართველოში შემოღწევის გზებზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ „პირველადი მონაცემებით“ ეს იყო „არალეგალური გზა“. 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ასევე გააკეთა კომენტარი გამოძიების შესახებ და აღნიშნა, რომ „ჩვენ ნამდვილად გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს პირები საქართველოში“. მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე „ძალიან მჭიდროდ“ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით „გამოძიების ფედერალური ბიუროს რამდენიმე ექსპერტი“ ჩამოვიდა ქვეყანაში გამოძიების საქმეში დახმარების მიზნით.

ახმედ ჩატაევი, რომლის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ეჭვები აქამდეც ვრცელდებოდა, აშშ-მა ტერორისტთა სიაში 2015 წელს შეიყვანა. გადაწყვეტილების მიზეზად კი დაასახელა, რომ ჩატაევი აშშ-ის და თურქეთის დაუდგენელ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავდა. 2015 წელს ჩატაევი ასევე მოხვდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ე.წ. ალ-ქაიდას სანქციების სიაში. იგი ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. 

ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაჭრეს და დააკავეს, თუმცა მოკლე დროში ციხიდან გაათავისუფლეს. 2013 წლის იანვარში, პროკურატურამ, მტკიცებულების არქონის მოტივით, მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გათავისუფლებიდან მალევე, ჩატაევმა საქართველო დატოვა და განაცხადა, რომ რეაბილიტაციის მიზნით ავსტრიაში აპირებდა გამგზავრებას. 2015 წლისთვის იგი უკვე სირიასა და ერაყში ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული მრავალსაათიანი სპეცოპერაცია სამი პირის ლიკვიდაციით და ერთის დაკავებით დასრულდა. დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button