skip to content
ახალი ამბები

პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტურად გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით, დღეს პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

პანკისის ხეობაში აქცია დაახლოებით დღის სამი საათისთვის დაიწყო და საათნახევარს გაგრძელდა. აქციაზე გამოსვლისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირდაპირ მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და სახელმწიფოსგან დანაშაულის აღიარება, მისი შვილის უდანაშაულოდ ცნობა და „სასტიკ დანაშაულში“ მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაცია „გახარიას და გომელაურის ერთობლივი ოპერაცია“ იყო, შესაბამისად, ის შს მინისტრის, სუს-ის უფროსის, მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს ესროლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს იყო პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ ჩადენილი „ტერორისტული აქტი“. „ამაზე თქვენ პასუხს აგებთ და ეჭვი ნურავის შეეპარება“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები თბილისში გადაინაცვლებს.

აქციაზე თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც იმყოფებოდა, რომელმაც აქციაზე გამოსვლისას ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, „ვინც კი ხელი დააფარა და ხელი გაისვარა ჩვენი შვილების მკვლელობაში“. მისი თქმით, დღეს ჩვენ მთავრობა არ გვყავს და „ეს იყო მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი, რომ ეცადონ ჩვენი შვილების მკვლელობის გადაფარვას“, მაგრამ „ეს „ტრიუკი“ მათ აღარ გაუვათ… უკან დახევას არ ვაპირებთ“, – დასძინა მანვე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პარალელური აქცია სახელწოდებით – „ნუ მომკლავ“ დღეს თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთანაც გაიმართა.

თემირლან მაჩალიკაშვილის გასული წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მიმდინარე წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button