Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისში ჩატარებულ ანტი-ტერორისტულ ოპერაციას სპეკულაციები მოჰყვა

პოლიციასა და დაუდგენელ შეიარაღებულ პირებს შორის 21-22 ნოემბერს თბილისში მომხდარი ხანგრძლივი და მასშტაბური დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მთავარი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.
 
სროლის ხმა პირველად 21 ნოემბერს გვიან ღამით გაისმა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისნის რაიონის ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინაში მცხოვრებ პირთა ჯგუფი არ დაემორჩილა უსაფრთხოების ძალების მოთხოვნას ჩაბარების თაობაზე, ცეცხლი გაუსხნა და ხელყუმბარები ესროლა მათ; შედეგად, უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო ოთხი – დაიჭრა.
 
ოპერაციის მასშტაბი და ინტენსივობა 22 ნოემბერს დილით გაფართოვდა და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. პოლიციამ 17:00 საათისთვის ეჭვმიტანილთა წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხა. ოპერაციის დროს სამი ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია განხორციელდა, ერთი კი – დააკავეს.
 
ოპერაციის დასრულების შემდეგ, 22 ნოემბერს 19:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა მიმართებაში დაკვირვება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. „საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", – განაცხადა სუს-მა.
 
მანამდე სუს-მა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ „წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები“.
 
მწირი ფაქტები და ბუნდოვანი მიზეზები
 
ოფიციალური პირები უარს აცხადებენ ეჭვმიტანილთა სახელების და მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე. ისინი ასევე უარს ამბობენ, ვარაუდები გამოთქვან ბოროტმოქმედთა შესაძლო კავშირების თაობაზე. 22 ნოემბერს 20:00 საათზე საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა არ დაადასტურა, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რითიც მისი უწყების წინა განცხადების სარწმუნოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა 23 ნოემბერს, რომ „ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“.
 
მთავარმა პროკურატურამ დაკავებულ ეჭვმიტანილს – ს.დ.-ს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ტერორისტული მიზნით, და 328-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებას.
 
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილები თავიანთ ბინაში „მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ“. ამავე განცხადების თანახმად, ერთადერთი გადარჩენილი ეჭვმიტანილი 21 ნოემბერს დააკავეს, სანამ დანარჩენ სამ ეჭვმიტანილსა და უსაფრთხოების ძალებს შორის სროლები მოხდებოდა. ზოგიერთი მედია საშუალება იტყობინებოდა, რომ იგი იმ კორპუსის მახლობლად დააკავეს, სადაც დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი იმალებოდა.
 
დაკავებული ეჭვმიტანილის ადვოკატმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა; მან უარყო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ადვოკატმა ასევე არ გაამხილა მისი ვინაობა.
 
იყო თუ არა ეს ჩატაევი?
 
იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, ეჭვმიტანილთა ვინაობის და მათი მოტივების შესახებ სპეკულაციები ვრცელდება. რამდენიმე ადგილობრივმა წყარომ ვარაუდი გამოთქვა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი იყო, რომელსაც სამი თანამზრახველი იცავდა. ამავე წყაროების მიხედვით, ჩატაევი ოპერაციის დროს მოკლეს. ეს ვერსია რუსულმა და თურქულმა მედიამაც აიტაცა.
 
ჩატაევი ამერიკის შეერთებულ შტატებს და გაეროს ISIS-ის წევრთა სიაში ჰყავს შეყვანილი. გარდა ამისა, 2016 წლის 28 ივნისს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-ის კონგრესის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა, განაცხადა, რომ სწორედ ჩატაევი იყო ის პირი, რომელიც ამ ტერორისტულ აქტს ხელმძღვანელობდა. მაკკოლმა ჯიჰადისტების მოქმედებებთან ჩატაევის კავშირებზე მიუთითა და განაცხადა, რომ ჩატაევი ოპერაციების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის – ისლამური სახელმწიფოს ომის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა. აშშ-ის ხაზინამ ჩატაევი ტერორისტთა სიაში 2015 წელს შეიყვანა იმ საფუძვლით, რომ იგი აშშ-ის და თურქეთის დაუდგენელ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავდა.
 
ჩატაევი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთში დააპატიმრეს, სადაც მან ხელი დაკარგა. ევროპაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, იგი საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ის 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაჭრეს (შედეგად ჩატაევმა ფეხი დაკარგა) და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მებრძოლთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდა, როდესაც ეს უკანასკნელი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტანში გადასვლას ცდილობდა. ზოგიერთი ინფორმაციით, ჩატაევი თავდაპირველად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობდა და მებრძოლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა შემდეგ მათ მხარეს გადავიდა.
 
ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად, ახმედ ჩატაევი დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წაუყენეს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას გულისხმობს. თუმცა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ჩატაევი ციხიდან გამოუშვეს. 2013 წლის იანვარში, პროკურატურამ, მტკიცებულების არქონის მოტივით, მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გათავისუფლებიდან მალევე, ჩატაევმა საქართველო დატოვა და განაცხადა, რომ რეაბილიტაციის მიზნით ავსტრიაში აპირებდა გამგზავრებას. 2015 წლისთვის იგი უკვე სირიასა და ერაყში ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
 
2017 წლის 24 ნოემბერს ჩატაევის ყოფილმა ქართველმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა, რომელიც მას ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ იცავდა, განუცხადა გაზეთ „კვირის პალიტრას“, რომ ჩატაევს ორი ოჯახი ჰყავდა, მისი ერთი ცოლი – ავსტრიაში, მეორე კი – პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.
 
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება არ ადასტურებს, მონაწილეობდა თუ არა ჩატაევი თბილისში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში და მოკლეს თუ არა იგი სპეცოპერაციის დროს. დადასტურების შემთხვევაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩატაევის მონაწილეობა უამრავ კითხვას წარმოშობს მისი ადრინდელი გათავისუფლების თაობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ მოახერხა მან კვლავ საქართველოში დაბრუნება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button