ახალი ამბები

აშშ სოფელ ატოცთან რუსეთის „ბორდერიზაციას“ გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან მავთულხლართების გავლებას, რაც ცხინვალის რეგიონის მახლობლად არსებული საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას ისახავს მიზნად.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ამერიკის საკითხებში, ალან დუნკანმა, რომელიც თბილისს 8 ნოემბერს სტუმრობდა, ასევე დაგმო საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთს მავთულხლართების მოშლისკენ მოუწოდა.

6 ნოემბერს ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მავთულხლართების აღმართვის სამუშაოები ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას მახლობლად პირველ ნოემბერს განახლდა. იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი“ მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button