ახალი ამბები

ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს. საარჩევნო უბანზე პირველი პრმიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა.

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრზიდენტი: „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართვლოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი, იმ განსაკუთრებული შეიარღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ ასევე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“.

გიორგი მარგველაშვილი, ფოტო: .facebook.com/PresidentMargvelashvili

მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი: „დღეს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს, განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან“.

მამუკა ბახტაძე, ფოტო: gov.ge

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ, თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“.

ირაკლი კობახიძე, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

კახა კალაძე – თბილისის მერი: „მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურიბას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს, მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ როგორი იყო და როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს, პირიქით უნდა გავერთიანდეთ, ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება გაერთიანება, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალისხმევით ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი“.

კახა კალაძე, ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial

ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების ლიდერი: „ხმა მივეცი საქართველო ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას. ევროპა და კულტურა, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა. მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის და თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არ არის, აუცილებლად 100 %-ით გაიმარჯვება სალომე ზურაბიშვილი“.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

არჩევანი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით, მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩევლები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით,რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button