ახალი ამბები

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს არხზე „ზეწოლაში“ ადანაშაულებენ, დღეს ტელეკომპანიის ოფისიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს და ტელევიზიის მაუწყებლობა დროებით შეწყვიტეს.

9 სექტემბერს თანამშრომლებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, რომ, იმის გამო, რომ მათ „საგანგებო რეჟიმში“ უწევთ მუშაობა, 10 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას მოაწყობდნენ და სამი საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არხის მაუწყებლობას გათიშავდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ტელეკომპანიის თანამშრომლებს დღეს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები – „იბერიას ვერ წაგვართმევენ“, „ვერ გაგვაჩუმებთ“, „ხელები შორს იბერიისგან“.

„ჩვენ მოვედით აქ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, იმის გამო, რომ ჩვენი ხმა ტელეეკრანიდან, როგორც ჩანს, არ ესმით. მოვედით აქ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ [ხელისუფლებას], რომ არ დავტოვებთ ტელეკომპანია იბერიას, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ გვექნება ამის რესურსი“, – განაცხადა „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა აქციაზე.

არხის ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანის არჩილ გამზარდიას განცხადებით კი, „სამწუხაროა“, რომ მას, როგორც პოლიტოლოგს და ჟურნალისტს უწევს იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება არის თავისუფალი სიტყვის მტერი“. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, იბერიამ მაუწყებლობა განაახლა.

„იბერიას“ წარმომადგენლებმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ 7 სექტემბერს განაცხადეს და მას შემდეგ ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიისთვის – „ომეგა ჯგუფისთვის“ ყადაღის დადება და ფინანსური „პრობლემები“ ტელევიზიის „დახურვას“ გამოიწვევს.

7 სექტემბერს განცხადება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლმა ზაზა ოქუაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „რაც არ უნდა მას სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, არცერთ ბანდას და ბანდის წევრს არ მივცემთ საშუალებას, ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე“.

„იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ნატო ჩხეიძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება „თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია“. დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი მხრიდან იყო შეთავაზება და განმარტა, რომ ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელები მხოლოდ სასამართლოში ისაუბრებენ. მანვე დაადასტურა, რომ კომპანია „ომეგა ჯგუფს“ ორი წელია, რაც ფინანსური პრობლემები მართლაც აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ხელოვნურად არის შექმნილი“.

ტელეკომპანიის ბრალდებებს 7 სექტემბერს ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო დავალიანების (51 მლნ 717 ათასი ლარი), გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

„იბერიას“ საქმეზე 10 სექტემბერს კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც გააკეთა და განაცხადა, რომ „ამას არანაირი კავშირი მედიასთან არ აქვს“ და ეს „სრული სპეკულაციაა“.

„სრულიად მიუღებელი და სამარცხვინოა, მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი როდესაც თავიანთ მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადისგან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით, ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც და განაცხადეს, რომ „ხელისუფლება მაქსიმალურად იცავს მედიის თავისუფლებას“. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ გარანტი ამ ქვეყანაში მედიაპლურალიზმის“. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით კი, ქართულ ოცნება „არ არის დაინტერესებული რაიმე პრობლემა ჰქონდეს“ ტელეკომპანიას.

„იბერიას“ გარშემო არსებული სიტუაცია ოპოზიციაშიც შეაფასეს. მათ ტელეკომპანიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ „ახალი არაფერი ხდება“ და ქართული ოცნების დამოკიდებულება თავისუფალი მედიის, „კრიტიკული ტელევიზიების მიმართ ყველასთვის კარგად ცნობილია“.

გასულ კვირას მედიასაშუალებებით აუდიოჩანაწერიც გავრცელდა, რომელშიც, სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის შესახებ ესაუბრება. ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პირის ხმა, რომელიც მეორე პირს „რაღაც პრობლემებში“ ტელევიზიის „გაცვლას“ სთავაზობს. აუდიოჩანაწერის აუთენტურობა დადასტურებული არ არის.

„იბერიას“ თანამშრომლები ჩანაწერის შესახებ შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ტელეკომპანია „იბერია“ 2000 წელს დაარსდა, რომლის მფლობელი და დამფინანსებელი ბიზნესკომპანია ომეგა ჯგუფი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს სამართალდამცავებმა “იბერიას” ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს ფირმა ომეგას მიერ სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით. მოგვიანებით ტელეკომპანია “იბერია” დაიხურა და მხოლოდ 2013 წელს დაიბრუნა მაუწყებლობის ლიცენზია, 2015 წელს კი  განაახლა მაუწყებლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button