skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე საკუთარ პოზიციას განმარტავს 

სალომე ზურაბიშვილმა, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატურასაც მხარს ქართული ოცნება უჭერს, მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები განმარტა, სადაც ის ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებაში დადანაშაულებდა.

17 სექტემბერს თბილისში საარჩევნო შტაბის გახსნაზე საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სურს, რომ „სპეკულაცია ერთად დავასრულოთ“. მას მხედველობაში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკა ჰქონდა, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

„რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, არის უცვლელი უკვე 60 წელზე მეტია. საქართველოს განთავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის ომი პირველივე დღიდან საკუთარი კამპანიის მნიშვნელოვან ელემენტად აქცია. იხილეთ, თუ როგორ იცვლებოდა მისი განცხადებები ჩვენს ვებგვერდზე.

„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო…რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როდესაც დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი. 1921 მან დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენიტეტი“, – განაცხადა მან.

„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია 2008 წელს, როდესაც დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

შემდეგ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი „ცხადია, რუსეთმა დაიწყო“. „რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით… არც მე და არც ერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო“.

„მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ მან დაიწყო ომი… ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები“, – განაცხადა მან.

საკითხზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის თავდაპირველი განცხადება „იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას“. ამიტომ, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატთან კონსულტაციები გამართა და მისი განმარტება ერთობლივ პოზიციას ასახავს.

„კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი რა დავარქვა ქმედებები“, – განაცხადა კობახიძემ.

  • სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საპრეზიდენტო მარათონში 6 აგვისტოს ჩაერთო. ქართულმა ოცნებამ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
  • 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩევლები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიცძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button