skip to content
ახალი ამბები

სკანდალი სუბელიანის ჩანაწერების გარშემო – შეჯამება

ციხეში გაკეთებული ჩანაწერების სერია, რომელშიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, სერიოზულ სკანდალში გადაიზარდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საპრეზიდენტო კამპანიაზე და ქართული ოცნების მმართველობაში არსებული მთელი რიგი ხარვეზები წარმოაჩინა.

ქვემოთ მოცემულია დღემდე განვითარებული მოვლენების შეჯამება.

აუდიოჩანაწერები

აუდიოჩანაწერები, რომელიც პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისა და ქართული ოცნების დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს, ფარულად არის ჩაწერილი. სააგენტო „ლიბერალის“ მიერ მოპოვებული ნებართვების ასლების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯაფარიძეს სუბელიანის მონახულების ნებართვა 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერს და 14 ოქტომბერს მისცა.

ვინ გაავრცელა ფარული ჩანაწერები?

პირველად აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

• 14 ოქტომბერს ტელეკომპანიამ, სავარაუდოდ, 11 ოქტომბერს ჩაწერილი, დაახლოებით ერთსაათიანი ჩანაწერი გაავრცელა.
• 16 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ ასევე ფარულად ჩაწერილი საუბარი გაავრცელა, რომელიც უწყების განმარტებით, 6 ივლისს არის ჩაწერილი.
• 17 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბერში ან ოქტომბრის დასაწყისშია ჩაწერილი. ჩანაწერში საუბრის მონაწილეები ზაზა ოქუაშვილის საქმესაც ახსენებენ.

რატომ არის ჩანაწერები მნიშვნელოვანი?

ჩანაწერები პოლიტიკური ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან მირზა სუბელიანს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებთან კავშირები აქვს. სუბელიანის გავლენები, რომელსაც პროკურატურაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, როგორც ჩანს, მისი ოფიციალური პოზიციის ფარგლებს სცილდებოდა.

სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მის დაკავებას წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება და საზოგადოების მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა.

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელობაში ორივე მათგანი გაამართლა და მისი მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ სარალიძის ოჯახის წევრების ეჭვები, რომ პროკურატურამ დანაშაულის რიგი დეტალები დამალა, კიდევ უფრო გაამყარა.

სუბელიანის შვილი და მისი ნათესავი მიხეილ კალანდია, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბში მონაწილეობდნენ. სწორედ ამის გამო, სარალიძი ოჯახს მიიჩნევს, რომ სუბელიანი, როგორც პროკურატურის თანამშრომელი, მკვლელების დასაცავად საკუთარ კავშირებს იყენებდა.

სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. მსხვერპლის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ეს მთავრობის მხრიდან არასასურველი დათმობა იყო, რათა ის ათასობით ქართველი დაემშვიდებინათ, რომლებიც ქუჩაში სარალიძის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გამოვიდნენ.

აისბერგის წვერი?

„რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ სუბელიანის მონაწილეობა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში შემთხვევითი არ ყოფილა და ის ფაქტობრივად, რთულ საქმეებში ხელისუფლების მთავარი „მომრიგებელი“ იყო.

ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ მისი დაკავება საპროტესტო აქციების განმუხტვის მიზნით, ხელისუფლების მიერ წინასწარ იყო მომზადებული. ის ასევე ამბობს, რომ მისთვის მოსალოდნელი სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით შეთანხმება უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შედგა.

ამავე ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ ის პროკურატურას და ოფიციალურ პირებს რამდენიმე სხვა გახმაურებულ საქმეშიც დაეხმარა. ესენია: ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანა, გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის საქმე, 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაცია და 2006 წლის ციხის ბუნტი. სუბელიანის თქმით, ის და მისი თანამზრახველები მოწმეებს აიძულებდნენ, მათ შორის წამების გზით, რომ ამ საქმეებზე ჩვენებები მიეცათ.

სუბელიანი აცხადებს, რომ მის მომსახურებას რამდენიმე ოფიციალური პირი იყენებდა, მათ შორის, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მრჩეველი და ყოფილი სასჯელაღსრულების მინისტრი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამი ყოფილი მთავარი პროკურორი – არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე.

რატომ ლაპარაკობდა სუბელიანი?

„რუსთავი 2“-ის პირველ ჩანაწერში, სუბელიანი დეპუტატ ჯაფარიძესთან, მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას შორის შუამავლის როლის შესრულებას სთხოვდა. როგორც ჩანს, სუბელიანი მის საქმეზე სასამართლო პროცესის გადადებით და ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებებით, რომლებიც მას მხარს ან არ უჭერდნენ ან მისგან განსხვავებულ ჩვენებებს აძლევდნენ ხორავას ქუჩის საქმეზე, უკმაყოფილო იყო.

სუბელიანი განსაკუთრებით საქმის პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა გააბრაზა, რომელმაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის 23 ივლისს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ის სუბელიანს ორი ახალგაზრდის მკვლელობიდან მალევე შეხვდა. მასზე ერთი დღით ადრე მიცემულ ჩვენებაში კი, სუბელიანმა ასეთი შეხვედრა საერთოდ უარყო.

სუბელიანი შიშობს, რომ ეს, შესაძლოა, მისთვის დამატებითი ბრალდებების წაყენებისთვის ხელისუფლების ხრიკი იყოს, რაც, მისივე თქმით, მათი შეთანხმების წინააღმდეგ იქნება.
აუდიოჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ მას ოფიციალური პირების დაშანტაჟება შუძლია, თუმცა ამის გაკეთებისგან თავს იკავებს, ვინაიდან „ამის მკადრებელი არ ვარ“. მან ასევე აღნიშნა, რომ მას უკანონო გარიგებების შესახებ„ტერაბაიტებით“ მტკიცებულებები გააჩნია, რისი გამოქვეყნებაც შეუძლია. მან დეპუტატ ჯაფარიძეს გიორგი გახარიასთვის მისი უკმაყოფილებისა და სასამართლო პროცესის დაჩქარების შესახებ მისი სურვილის გადაცემა სთხოვა.

დეპუტატმა ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან საუბარი დაადასტურა და განმარტა, რომ ის პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც პარლამენტის წევრი სტუმრობდა. „მე მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად, ამიტომაც არაფერი რეაგირება არ გამიკეთებია“, – განაცხადა მან.

რას ამბობს პროკურატურა?

პროკურატურა აცხადებს, რომ „გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე, შესაძლოა, გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით, ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“.

15 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ „პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას, მათი შემდგომი გავრცელების მიზნით“.

საკუთარი ვერსიის გასამყარებლად, 16 ოქტომბერს პროკურატურამ სავარაუდოდ 6 ივლისს გაკეთებული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც, უწყების განმარტებით, ციხის თანამშრომლის მეხსიერების ბარათზე იყო ჩაწერილი. პროკურატურის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისგან ჩანაწერი მუქარისა და შანტაჟის გზით არის მოპოვებული.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, სუბელიანი დეპუტატ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ხელისუფლებამ გაყიდა და გამოძიების მხრიდან, პოლიტიკური ზეწოლით, მისი ბრალდების დამძიმებას გეგმავს.

სუბელიანი თანამოსაუბრეს ასევე ეუბნება, რომ მთავრობაზე ზეწოლის მიზნით, ის მზად არის სენსიტიურ თემებზე ტყუილიც თქვას. მან ყველა ის შემთხვევა ჩამოთვალა, რომლებიც „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ პირველ ჩანაწერშია ნახსენები და ამბობს, რომ მას არანაირი კომპრომატები არ აქვს, თუმცა მმართველი გუნდისთვის ზიანის მიყენების მიზნით, ის მზად არის, რომ მოიტყუოს.

თვითმკვლელობის მცდელობა

16 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა თავის საკანში თვითმკვლელობა სცადა. პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ პროკურატურაში იმავე დღეს გამართულ ბრიფინგს მოჰყვა, სადაც „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ გათვალისწინებით, დეპუტატ ჯაფარიძისა და სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს. მოგვიანებით ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სუბელიანი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ.

„რუსთავი 2“-მა ჩანაწერში შეუსაბამობები აღმოაჩინა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები დადგმულია და ვარაუდობს, რომ ეს ჩანაწერები 14 ოქტომბერს, დეპუტატ ჯაფარიძის მიერ სუბელიანის მონახულებისას მას შემდეგ გაკეთდა, რაც „რუსთავი 2“-მა საკუთარი ჩანაწერების შესახებ ანონსი გაავრცელა.

გვარამია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერზე ჯაფარიძის რეაქცია შეუსაბამოა, რადგან მან უკვე იცოდა, რომ სუბელიანის განცხადებები ყალბია (პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სუბელიანს ჯაფარიძისთვის ივლისში უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ის ტყუილის თქმას აპირებს).

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩანაწერში სუბელიანს მხედველობაში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე აქვს და ამბობს, რომ მას „რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების შესახებ“ ინფორმაცია აქვს. საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე, სუბელიანს მხედველობაში ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე საპროტესტო აქციები ჰქონდა, თუმცა 11 ივნისს აქციები უკვე დასრულებული იყო. ჩანაწერი კი, პროკურატურის განმარტებით, ივლისშია გაკეთებული.

გვარამია საუბრის მანერაში არსებულ შეუსაბამობებსაც უსმავს ხაზს და პირველი ჩანაწერისგან განსხვავებით, მეორე ჩანაწერში არაბუნებრივ ინტონაციებზე, მონოტონურ საუბარსა და ფორმალური ენის ზედმეტად გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ეჭვობს რომ საუბრის მონაწილეები დაწერილს კითხულობდნენ და იცოდნენ, რომ მათი საუბარი იწერებოდა.

ახალი ჩანაწერი

„რუსთავი 2“-ის მეორე ჩანაწერში, რომელიც 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სუბელიანი აცხადებს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე, ის სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრს, კახა კახიშვილს შეხვდა, რათა მისთვის ეთქვა, რომ ციხეში ჩასაჯდომად მზად იყო.

სუბელიანი დასძენს, რომ თუ მას ციხეში ყოფნის დროს, სათანადო პირობებით არ უზრუნველყოფდნენ, ის მინისტრს 2013 წელს ფარულად ჩაწერილი საუბრის გამოქვეყნებით დაემუქრა.
ჩანაწერში სუბელიანი იმეორებს, რომ მას მტკიცებულებები სხვა უკანონო გარიგებების შესახებაც აქვს და აცხადებს, რომ მას ამ მასალების გავრცელების სანაცვლოდ, 2 მილიონი ლარი შესთავაზეს. მისი თქმით, მან სოზარ სუბარს სიტყვა მისცა, რომ ამ მასალებს არ გაამჟღავნებდა და რომ ამ პირობას მხოლოდ საპატიმრო ვადის ამოწურვამდე შეასრულებს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, მოვლენების შესაბამისად იმოქმედებს.

სუბელიანის თქმით, მას ორი ვარიანტი აქვს – „ან მიშა უნდა დავბრიდო“ (სავარაუდოდ მას მხედველობაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჰყავს), ან „უნდა შევეკრა“. მისი თქმით, „შეკვრას არ ვაპირებ, არ მხიბლავს მაგისი წინადადებები“. სუბელიანი პირველ ვარიანტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მზად არის მიშა „დაბრიდოს“ და ამისთვის მხოლოდ „სამი-ოთხი თვის მომზადება“ დასჭირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button