ახალი ამბები

მედიაკოალიცია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე სავარაუდო მიყურადების გამოძიებას ითხოვს

ჟურნალისტების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ 14 ივლისს, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტების საუბრის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების „დაუყოვნებლივ“ დაწყებისკენ მოუწოდა.

საქმე ეხება ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს შორის საუბარს ასახავს. მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას, გია გაჩეჩილაძემ ჩანაწერი ტელეფონის საშუალებით მაყურებელს კიდევ ერთხელ მოასმენინა. ჩანაწერი გაავრცელა ტელეკომპანია „პოს ტვ-მაც“.

გია გაჩეჩილაძის თქმით, აუდიოჩანაწერი მას 13 ივლისს თავად ერთ-ერთი „ბრჭყალებში კრიტიკული მედიის“ წარმომადგენელმა გადასცა, რომელსაც „მართლა გულიანად აწუხებს, რაც ხდება“. ჩანაწერის აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ აწ უკვე ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნია თანამშრომლებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული „საიდუმლო ფაილების“ გაშუქებაზე მსჯელობს. „უცნობის“ თქმით, ჩანაწერის გავრცელების მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, „თუ როგორ მუშაობენ ეს ტელეკანალიზაციები“.

კოალიცია მიიჩნევს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით უნდა დაიწყოს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

„პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება…, ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის“, – განაცხადეს კოალიციაში.

აღნიშნა რა, რომ ბოლო პერიოდში, არაერთხელ გაჩნდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ სახელმწიფო ჟურნალისტებს უსმენს, კოალიციამ ამის მაგალითად 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები დაასახელა, რომლებიც „ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს“.

„2022 წლის 13 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდეს“, – ხაზი გაუსვეს კოალიციაში.

მოგვიანებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის საქმეზე გამოძიება 158-ე (I) მუხლით დაიწყო.

„მთავარი არხის“ გამოხმაურება

დღეს, გამართულ ბრიფინგზე ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა თავად გიორგი გაბუნია, რომელიც ამ მომენტისთვის არხის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. მისი თქმით, მასსა და მის თანამშრომლებს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი 2021 წლის ნოემბერში ნამდვილად შედგა და ჩანაწერი ტელევიზიის შენობაშია გაკეთებული.

მისი თქმით, ჩანაწერიდან, რომელსაც „მონტაჟის კვალი ეტყობა“, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „სინამდვილეში, ყველას [და] ყველგან გვისმენენ და გვითვალთვალებენ“ და რომ „ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვისმენენ“.

მისივე თქმით, ის თუ რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ჩანაწერის ამ ფრაგმენტის ახლა გამოქვეყნება, „ამას დიდი ალბათობით მალე ვნახავთ და გავიგებთ“. გაბუნიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სჯერათ „უცნობის“ ვერსიის, თითქოს მან ჩანაწერი კრიტიკული მედიის წარმომადგენლისგან მიიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ „ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა“, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ის არ მოითხოვს იმას, „რასაც აზრი ისედაც არ აქვს“. „მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აუცილებლად დაინტერესდით „მთავარ არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით, შეისწავლეთ და მოახდინეთ სათანადო რეაგირება, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყენაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო“, – განაცხადა მან.

„ჩვენო ადგილობრივო, ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო ნახეთ რა პირობებში უწევს მუშაობა კრიტიკულ მედიას – „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი [ნიკა გვარამია] აბსურდული ბრალდებით ციხეშია, ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ, როგორც რუსეთში, ქუჩაში გვირტყამენ, გვასახიჩრებენ და სასიკვდილოდ გვწირავენ, ისევე, როგორც რუსეთში და პარალელურად მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ არსებობა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ…“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მანვე ქართულ ოცნებასაც მიმართა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებით მათ ვერ შეაშინებენ და მაინც გააგრძელებენ „მუშობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს“.

„გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ, მადლობა, რომ არაფერს ტოვებთ და ყოველთვის გვისმენთ, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანნი ვართ“, – უთხრა მან მმართველ გუნდს.

შენიშვნა: მასალა 15 ივლისს, 11:50-სთზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button