ახალი ამბები

თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს

Tags

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ათასობით დემონსტრატია შეკრებილი. ისინი „პროკურატურისა და სასამართლო სისტემაში არსებულ სისტემურ პრობლემებს“ აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადაინაცვლეს, სადაც ისინი გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა.

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ორივე ბრალდებული გაამართლა. ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული კი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა. ის გამოძიებას დიდი ხანია უნდობლობას უცხადებდა და ამბობდა, რომ პროკურატურა საქმის მტკიცებულებებს მალავს და რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

მთავარი პროკურატურის წინ შეკრებილი პროტესტანტები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა, ისინი მისი გადადგომის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგაც არ დაიშალნენ და პარლამენტისკენ დაიძრნენ და იქ მიმდინარე აქციას შეურთდნენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგნიზატორმა ზვიად კუპრავამ დემონსტრანტებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და რომ „ძალადობაზე დაფუძნებული უკანონო ხელისუფლება“ უნდა დასრულდეს.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლო სისტემაა“, – განაცხადა კუპრავამ. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან მურუსიძის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომა მოითხოვა.

მოგვიანებით, მათი მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდა და აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ზვიად კუპრავამ აქციაზე ახალი საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნის ინიციატივაც გააჟღერა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე უხელძღვანელებს. საზოგადოებრივი ჯგუფი ახალ მთავარ პროკურორს შეარჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button