არჩევნები 2018ახალი ამბები

ეკლესიის პროტესტის შემდეგ ქართული ოცნება მარიხუანის მოყვანის შესახებ კანონპროექტზე უკან იხევს

Tags

ეკლესიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ქართული ოცნებამ სამედიცინო მიზნით მარიხუანის მოყვანის და საექსპორტოდ წარმოების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უკან დახევა გადაწყვიტა.

16 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება კანონპროექტის თაობაზე „ნაჩქარევ“ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და სანაცვლოდ, საპარტრიარქოსთან კონსულტაციების გზით, საზოგადოებას მის რეალურ მიზნებზე შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეები ქართული ოცნების ოპონენტებმა შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს კანონპროექტს ნარკოტიკების წარმოებისა და რეალიზაციის ლეგალიზება მოჰყვება.

„საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც იქნება სრულად მისაღები ინფორმირებული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე, მან ხაზი გაუსვა, რომ მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტი სასწრაფოდ უნდა იქნას განხილული და ეს მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ეკლესიის პროტესტი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას წინ კანონპროექტზე საქართველოს საპატრიარქოს მწვავე რეაქცია უძღოდა.

სასულიერო პირებმა პირველად პროტესტი 12 სექტემბერს საპატრიარქოში გამართულ კონფერენციაზე – „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ გამოთქვეს.

„კულტივაციის ლეგალიზება და სახელმწიფოს ჩართვა მარიხუანის წარმოებასა და ვაჭრობაში არის დაუშვებელი, რამდენადაც ეს შეიცავს მთელ რიგ საფრთხეებს, როგორც აღსრულების, ისე საგარეო უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ხელისუფლებისადმი კონფერენციის მონაწილეების მიმართვაში.

კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარება მართლმადიდებლურ რელიგიას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაზეც, მისი თქმით, ეკლესია არასდროს დათანხმდება.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკითხზე კომენტარი საკვირაო ქადაგების დროს გააკეთა და აღნიშნა: „მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამას“. „რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!“, – დასძინა მან.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კანონპროექტის წინააღმდეგ ორი აქცია გამართეს. მცირემასშტაბიანი აქცია 15 სექტემბერს გაიმართა, ხოლო შედარებით ფართომასშტაბიანი აქცია 16 სექტემბერს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებას მოჰყვა, რა დროსაც მრევლმა კანონპროექტზე პროტესტის გამოხატვის მიზნით სამების საკათედრო ტაძრიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოაწყო.

მთავრობის გეგმები

სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსია ხელისუფლებამ 11 სექტემბერს გაასაჯაროვა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დარგის რეგულირების გარეშე დარჩენის საშიშროების გათვალისწინებით, მთავრობამ მარიხუანის წარმოებაზე „მკაცრი“ რეგულაციები მოამზადა.

15 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი საქართველოს მზარდ საერთაშორისო ბაზარზე ჩართვაში დაეხმარება. მისი თქმით, მთავრობა მომდევნი 2-3 წლის მანძილზე კანაფის ექსპორტიდან 1 მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებას მოელის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button