ახალი ამბები

არასამთავრობოები: „არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია“

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც „ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზეა“ საუბარი.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი ვიწრო მიზნებისთვის გამოყენება საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს. მათივე განცხადებით, კლანური მმართველობა სასამართლოში, სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირება, პარლამენტის სისუსტე და ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს.

„სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა და დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა კონსტიტუციური ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედონ და არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს.

მათივე შეფასებით, მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ვისაც შესაძლოა ინფორმაცია აქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ ღიად უნდა განაცხადონ. საერთაშორისო პარტნიორებმა კი, ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ამ განცხადებას, ერთი კვირის წინ მათ მიერ გავრცელებული კიდევ ერთი განცხადება უძღოდა. ისინი მედიის საშუალებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებშიც თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო თანამონაწილეობა ჩანდა, შეშფოთებას გამოთქვამდნენ და სამართალდამცველ ორგანოებს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button