skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

ოცზე მეტმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 13 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მართული ძალადობის „ყველა ფაქტი“, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლება „ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და, ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება“.

„მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. „სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ“.

ორგანიზაციები გმობენ ძალადობის „ყველა ფაქტს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვახდენთ მათ დოკუმენტირებას და გვწამს, რომ არც თუ შორია დრო, როდესაც ამ ფაქტებზე სამართლიანი გამოძიება ჩატარდება და ძალადობის დამკვეთები და შემსრულებლები დაისჯებიან“.

ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელისუფლება თავად არის ძალადობის დამკვეთი და რომ „ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას“.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ხელისუფლება თავს ესხმის და მადლობას ვუხდით მათ ღირსეული სამოქალაქო პოზიციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button