Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები პროკურატურას სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას ბოლო დროს მედიის საშუალებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებშიც თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო თანამონაწილეობა ჩანს, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობოების განცხადება მედიის საშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს მოჰყვა, რომლებშიც თამბაქოს ბაზრის წილების გადანაწილებაზე, თანხის სანაცვლოდ ომეგა ჯგუფისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე და მმართველი პარტიის დაფინანსებაზეა საუბარი. ჩანაწერების მიხედვით, შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ინფორმირებულები.

ერთ-ერთი ბოლო აუდიოჩანაწერი ტელეკომპანია რუსთავის 2-მა 24 სექტემბერს გავრცელდა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, თბილისის თამბაქოს ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს, იმ ფარულ სქემაზე ესაუბრება, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მწარმოებლების მიერ მმართველი პარტიის დაფინანასება ხდება. კერძოდ, ჩანაწერში ისმის, რომ სიგარეტის ყოველი გაყიდული კოლოფიდან, მმართველი გუნდის ანგარიშზე, უცხოელი და ქართველი მწარმოებლები 2.5 თეთრს რიცხავენ.

25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები „მძიმე კორუფციულ დანაშაულის ნიშნებს“ და „ქონების უკანონოდ გადაცემის მოთხოვნის შემცველ ფაქტებს ასაჯაროებს”. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა „ჯერ არ შემოწმებულა“, „შემაშფოთებელია“, რომ ხელისუფლებას ამ მასალებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

„ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები მასალებთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ პრობლემის სერიოზულობა“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, „საკითხის მნიშვნელობიდან და ბრალდებების სიმძიმიდან“ გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მათში მაღალი თანამდებობის პირების სახელები და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება, მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მმართველი პოლიტიკური პარტიის „სავარაუდოდ, არაკანონიერი გზით დაფინანსების“ საკითხის შესწავლის რეკომენდაციით მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებიდან მალევე საპასუხო განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო და აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს „თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა“.

პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერების ავთენტურობისა და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდო მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი.

ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განმარტეს, რომ ეს არ არის ერთადერთი სფერო, საიდანაც პარტიის ფარული გზებით დაფინანსება ხდება. „ჩვენ ვიცით, რომ ასევე მსგავსი შემთხვევებია ნავთობის იმპორტიორებთან დაკავშრებით და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება საწვავზე ფასები…ასევე, გაზის სექტორიდან დიდი ფული გადაედინება და ყველა იმ ტენდერიდან, რომელშიც მონაწილეობს მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შეფასებით კი, „ხელისუფლების რეაქცია გვაჩვენებს მხოლოდ იმას, იყვნენ ეს ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც აკეთებდა ამას მთელი ხელისუფლების სახელით, თუ იყო ეს მთელი ხელისუფლება, რომელიც ჩართული იყო ელიტურ კორუფციაში, თანხის გამოძალვაში და ასეთი ტიპის სისტემურ დანაშაულში“.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების კორუფციულ გარიგებებში თანამონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ ქართულ ოცნებაში. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ქართული ოცნების დისკრედიტაცია შეგნებულად მიმდინარეობს. „პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულები არიან ასეთ რაღაცებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან“, – განაცხადა მან.

ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა ხელისუფლების წარმომადგენლები არხზე ზეწოლაში და არხის მთავარი დამფინანსებელი კომპანიისთვის „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულეს.

ტელეკომპანიისა „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა იბერიას ეთერში ისაუბრა და ხელისუფლებას „გამოძალვაში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში“ დასდო ბრალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button