skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 2018: ყოველკვირეული მიმოხილვა N1

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობის, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის პირველ გამოცემაში გაგაცნობთ, როგორც განვლილი კვირის (10-16 სექტემბრის), ისე 10 სექტემბრამდე განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 46-მა პირმა გამოხატა. ცესკოს ინფორმაციით, 46 კანდიდატიდან 20 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, დანარჩენი 26 კი, საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატია. 18 სექტემბერს პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო მხარდამჭერთა (არანაკლებ 25 923-ისა) სიების წარდგენის ვადა ეწურებათ.

კანდიდატებს შორის არიან: გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური კოალიცია – ძალა ერთობაშია, დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე არსებული ვითარების მიმოხილვა

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1 აგვისტოს გამოაცხადა.

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 29 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც, საარჩევნო სუბიექტების მიმართ, თანაბარი უფლებები და ვალდებულებები ამოქმედდა. მთელ რიგ შეზღუდვებთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც იკრძალება.

პოლიტიკურმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება საარჩევნო კამპანიის ძალაში ოფიციალურად შესვლამდე გაცილებით ადრე დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყო, მას მოჰყვნენ – ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე,გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და კახა კუკავა.

მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე უკვე არერთხელ ისაუბრა. მათ საარჩევნო ადმინისტრაცია ნეპოტიზმსა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში დაადანაშაულეს და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) შეაფასა. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ „საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”, რაც „დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა”, თუმცა კვლავ გადაუჭრელი რჩება რიგი საკითხები, მათ შორის, არათანაბარი შემოწირულობები, ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენება და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაშინება.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 74 %-ს საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

10-16 სექტემბრის მიმოხილვა

არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს ინფორმაციით, წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა 34-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო, ხოლო დანარჩენ სუბიექტებს რიგითი ნომრები მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეუნარჩუნდათ. ცესკოს განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმ რიგითი ნომრების მიღების უფლება აქვთ, რომელიც მათ წინა არჩევნების დროს ჰქონდათ მინიჭებული.

ამომრჩევლისთვის ყველაზე ცნობილი კანდიდატების რიგითი ნომრები ასე განისაზღვრა:

  • გრიგოლ ვაშაძეპოლიტიკური გაერთიანება – ძალა ერთობაშია – N 5;
  • დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – N 2;
  • სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – N 48;
  • დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობის ლიდერი – N 25;
  • შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – N 10;
  • ზურაბ ჯაფარიძე – პოლიტიკური ცენტრი გირჩი – N 36;
  • კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო – N 21.

ამასთან, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 637 საარჩევნო უბანში არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 779 წევრი შეირჩა. 43 ადგილი კვლავ ვაკანტურია. ცესკოს ინფორმაციით, ვაკანტური ადგილებისთვის შესაბამისი კონკურსი გამოცხადდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 13 სექტემბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. შუალედური ანგარიში 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში დაშვებულ ხარვეზებზე და სხვა სახის დარღვევებზეა საუბარი.

ანგარიშის თანახმად, 8 სექტემბრამდე პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების 1, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 1, სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის 8, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის 2 და ბეჭდვითი მასალის წესის დარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა.

უწყებათაშორისი კომისია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს გამოეთიშა. ორგანიზაციის განმარტებით, მათ მიერ წინასაარჩევნო დარღვევებზე მომზადებულ ანგარიშებს ან საერთოდ არ განიხილავენ ან მათზე რეაგირება არ ხდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, მოქმედი იუსტიციის მინისტრის პირობებში, ეს უწყება „ანგარიშსწორების ველად“ იქცა. იმავე მოტივით, სხდომებს თავიდანვე არ ესწრებოდა „სამართლიანი არჩევნები“.

პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია

პრეზიდენტობის ცალკეული კანდიდატები მთელი კვირის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ. რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებდნენ დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილი და შალვა ნათელაშვილი.

ამომარჩეველთან კონტაქტის ორიგინალურ ხერხს მიმართა გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ და პოლიტიკური რეკლამა პორნო საიტებზე განათავსა.

12 სექტემბერს ქუთაისში მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ მოსახლეობას ზურაბიშვილი თბილისის მერმა და პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button