Placeholder canvas
ახალი ამბები

„ძალა ერთობაშია“ ცესკოს ნეპოტიზმსა და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

პარტია ახალი საქართველოს ლიდერი და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნეპოტიზმში და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციაში „ტოტალური გაყალბების მექანიზმის“ ჩამოყალიბებას აგრძელებს. მისი თქმით, ცესკოს 2017 წლის განკარგულებით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირები გასაუბრებაზე დაებარებინა, იმავე შინაარსის 2018 წლის განკარგულებაში კი, ეს მუხლი საერთოდ გაქრა. ვაშაძის განმარტებით, ამით ცესკო ცდილობს, რომ პარტიებს საუბნო საარჩევნო კომისიებში „დამოუკიდებელ პროფესიონალ წევრებთან“ გასაუბრება აუკრძალოს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, სამწუხაროდ, თამარ ჟვანიამ ცესკო ქართული ოცნების შტაბად აქცია. მისი დავალებაა, ისე დააკომპლექტოს საარჩევნო კომისიები, რომ ტოტალური გაყალბების მექანიზმი შექმნას“, – აღნიშნა ვაშაძემ და ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

ცესკოს 2017 წლის #112 განკარგულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო, რომ კონკურსის მონაწილე გასაუბრებაზე დაებარებინა. ცესკოს 2018 წლის განკარგულებაში ეს ჩანაწერი აღარ გვხვდება.

„ძალა ერთობაშიამ“ ცესკოს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში ბრალი 10 აგვისტოსაც დასდო. მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანტურ თანამდებობაზე ქართული ოცნების, სუს-ის და საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე პირების ოჯახის წევრების უკონკურსოდ დანიშვნაში დაადანაშაულა.

ვაშაძემ ბრიფინგზე შესაბამისი სიაც წარმოადგინა, სადაც 73 საარჩევნო ოლქიდან, 58 ოლქზე მითითებულია, რომ ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები დანიშნა. ვაშაძის განმარტებით, ამ გზით, ცესკო „არჩევნების ტოტალურ გაყალბებას“ გეგმავს. მანვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა და იმის განმარტება მოსთხოვა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა.

„ძალა ერთობაშიას“ ორივე ბრალდებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, „საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა“, რაც ცესკოს რეპუტაციის შელახვის „მიზანმიმართული გეგმის ნაწილია“. მისივე თქმით, საარჩევნო ოლქებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შერჩევისას, ცესკო მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებითა და პროფესიული გამოცდილებით ხელმძღვანელობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის განკარგულებიდან იმ ჩანაწერის ამოღების მოტივიც განმარტეს, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსანტის გასაუბრებაზე მოწვევის უფლებამოსილებაზე იყოს საუბარი. ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ეს ჩანაწერი „გარკვეულ გაუგებრობას“ იწვევდა და რიგ შემთხვევაში, სპეკულირების მიზნით გამოიყენებოდა. მისივე განმარტებით, კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, ახლაც შესაძლებელია, რომ კომისიის ნებისმიერმა წევრმა ის გასაუბრებაზე დაიბაროს.

საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 73 საარჩევნო ოლქია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 12 წევრიან საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, 6 წევრს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები ნიშნავენ, ერთს კი, დროებით, ცესკო შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, ასევე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შესარჩევად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კონკურსი მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გამოაცხადა.

ამავე კოდექსის მიხედვით, 12 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, 6-ს კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი 30 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ვადაში უნდა გამოაცხადოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button