Placeholder canvas
ახალი ამბები

ISFED წინასაარჩევნო ხარვეზებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“13 სექტემბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას დაშვებულ ხარვეზებზე და სხვა სახის დარღვევებზეა საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პროცესს საქართველოს მასშტაბით მათი 69 გრძელვადიანი დამკვირვებელი 1 აგვისტოდან აფასებს.

ამჯერად, გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 8 სექტემბრამდე პერიოდში გამოვლინდა: ფიზიკური დაპირისპირების 1, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 1, სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის 8, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის 2 და ბეჭდვითი მასალის წესის დარღვევის 1 ფაქტი.

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებით დაკომპლექტებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები. „73 საოლქო კომისიაში შერჩეული დროებითი წევრებიდან, 14 შემთხვევაში გამოიკვეთა ნათესაური კავშირები, ხოლო 8 შემთხვევაში, საოლქო კომისიებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან აქტივისტი აირჩა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პრობლემური იყო საუბნო საარჩევნო კომისიების შერჩევის პროცესიც. „კონკურსის გამოცხადებას წინ უძღვოდა კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის გახმაურებული ჩანაწერის გავრცელება, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, ოლქის თავმჯდომარე ადასტურებდა, რომ ის საუბნო კომისიების კანდიდატურებს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსთან ათანხმებდა. ჩანაწერების გავრცელების შემდგომ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 45 კანდიდატთან გასაუბრების მოთხოვნა დააყენა, თუმცა მათგან არცერთი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრებს ყველა ოლქში კანდიდატებთან დამოუკიდებლად გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ, კონკურსანტთა უმრავლესობა გასაუბრებაზე არ მივიდა. „რიგ ოლქებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს ადგილობრივი ხელისუფლების და„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიეღოთ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 25 საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრები გადაწყვეტილებას წინასწარ მომზადებული სიებით იღებდნენ, თუმცა განმარტავდნენ, რომ სიის სამუშაო ვერსია კანდიდატების განაცხადების გადარჩევის შემდეგ გააკეთეს.

ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები

ორგანიზაციის განმარტებით, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა, სავარაუდოდ, ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ღონისძიებების ინიცირება, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს აჩენს. ამასთან, საარჩევნო კამპანიაში ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციების სავარაუდო ჩართულობას, რაც საარჩევნო კოდექსით არის აკრძალული.

მედიაზე ზემოქმედება

ანგარიშში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ არასაარჩევნო პერიოდში, მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე ეთერში პოლიტიკური რეკლამის გაშვებისთვის ტელეკომპანია „რუსთავის 2“ – ის დაჯარიმების საკითხიც მოხვდა. ორგანიზაციის განმარტებით, მსგავსი შეტყობინების ვალდებულება ტელეკომპანიას მხოლოდ არჩევნებამდე 50 დღით ადრე აქვს.

ორგანიზაცია მარეგულირებელი კომისიის იმ გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიებს მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის გადამოწმება დაევალათ.

რეკომენდაციები

არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიებში „ყველა დონის პოლიტიკური ინტერესების გატარების“ აღკვეთისკენ მოუწოდებს და მარეგულირებელ კომისიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების რეკომენდაციით მიმართავს. საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს კი, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button