skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს განაცხადა.

ქართული ოცნების შტაბბინაში პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობა მანამდე გამოცხადებული პირობის ერთგული დარჩება და არჩევნებზე საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს.

„საქართველოს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი და ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი [გუნდის] და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყო ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ოცნებას გუნდში „არაერთი ღირსეული ლიდერი“ ჰყავს, მაგრამ „პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ“.

მანვე განმარტა, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარეობს, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარდაჭერა გადაწყვიტა.

„სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი. მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობისას მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად“, – განაცხადა კობახიძემ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილის მიერ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანდიდატის მიერ გაკეთებული განმარტება ქართული ოცნების პოზიციას „შეესაბამება“.

„სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო, შესაბამისად, ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში. თუმცა, ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც სამწუხაროდ, მაშინ განახორციელა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერა მოკლედ შეაფასა და აღნიშნა, რომ „გამართლდა მოლოდინი, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, ცხადია ჩემთვის, მმართველი პარტიისთვისაც. ეს არის სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. ამ დღიდან, ამ საღამოდან უკვე ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში 1921 წელს ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული კარიერული დიპლომატია. მას 2004-2005 წლებში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ის 2005 წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირების გამო, თანამდებობიდან გადააყენეს. 2006 წელს ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია – საქართველოს გზა ჩამოაყალიბა, რომელსაც 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.
2010 წლის ნოემბერში, ზურაბიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, პოლიტიკიდან დროებით წავიდა. ის საქართველოში 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორმაგი მოქალაქეობის ქონის მოტივით კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

ზურაბიშვილი 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე, მთაწმინდის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით მონაწილეობდა, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ უკანასკნელს მთაწმინდის ოლქში საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია.

მიუხედავად მისი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსისა, მის მიერ კანონპროექტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და საჯარო განცხადებები მმართველი პოლიტიკური პარტიის დეპუტატების გადაწყვეტილებებისა დაგანცხადებების თითქმის იდენტურია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button