skip to content
ახალი ამბები

NDI: საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბევრი საკითხი ბუნდოვანი რჩება

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ 27 ივლისს გავრცელებული შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია.

ორგანიზაციის ექვსწევრიანი დელეგაცია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და დემოკრატიის პროგრამებზე 1994 წლიდან მუშაობს, 23-27 ივლისს საქართველოს ოფიციალურ პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციების, მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

NDI-ის წინასაარჩევნო შეფასების თანახმად, „საქართველო არჩევნებს უარმავი დემოკრატიული მიღწევით უახლოვდება“, სადაც გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლებას პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია.

„არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის, მმართველ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია. პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო, პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის“, – ნათქვამია NDI-ის შეფასებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა“, თუმცა კვლავ გადაუჭრელი რჩება რიგი საკითხები, მათ შორის, არათანაბარი შემოწირულობები, ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო ბოროტად გამოყენება და დაშინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ.

თავის რეკომენდაციებში, NDI საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ არჩევნების თარიღი „რაც შეიძლება სწრაფად“ დანიშნოს, რაც საარჩევნო კამპანიის რეგულაციების ამოქმედებას უზრუნველყოფს და პარტიები და კანდიდატები ოფიციალური კამპანიების დაწყებას შეძლებენ.

ინსტიტუტი საქართველოს მთავრობასაც მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს მკაფიო გამიჯვნა პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ასევე არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ყველა კანონდამრღვევაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება ჰქონდეს.

მისია საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას კვლავაც განაგრძობს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფს, არჩევნების დღეს კი საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციას გამოაგზავნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button