რესპუბლიკის ამბები

1918: აღბულახის (თეთრიწყაროს) არეულობა ქართულ პრესაში

სახალხო საქმე, 6 სექტემბერი, 1918, N324

აღბულახის არეულობა

სექტემბრის 4-ს აღბულახის მცხოვრებთა წარმომადგენელი ნაფიცი ვექილი ქანანოვი – პირდაპირ მავთულით დაელაპარაკა სამხედრო მინისტრის კანცელარიაში პ. დოლიძეს; მან ითხოვა: გადაეცით სამხედრო მინისტრს, რომ იარაღი უკვე შევაგროვეთ და ხვალვე უკვე ჩავაბარებთ ახალშენ ასურეთშუ. რაც შეეხება მთავრობის საწყობებიდან დატაცებულ საქონლის შეკრებას და მეთაურების პოვნას ეს სამი დღის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამ საქმეს ძლიერ ადვილად შესძლებს მთავრობის რაზმი, რომელიც ხვალ შუადღისას აღბულახში უნდა შემოვიდეს; გთხოვთ, გადასცეთ, ბ. სამხედრო მინისტრს, რომ საქმე ისეც კეთილად დამთავრდება და სისხლის ღვრა სრულიად საჭირო არ არის. მას პ. დოლიძემ უპასუხა სამხედრო მინისტრის მხრივ, რომ ჩვენი ჯარი მშვიდობიანად შევა აღბულახში. მაგრამ უფრთხილდით, თქვენის მხრივ არც ერთი ტყვია არ იყოს გამოსროლილიო. ქანანოვი დაჰპირდა პროვოკაციის თავიდან ასაცდენად ყოველნაირ ზომების მიღებას.

აღბულახის ამბები

სულ-გაბოროტებულნი და გულ გაუწმენდელნი მტერნი ჩვენი ტავისუფლებისა არ ისვენებენ. მათმა შხამიანმა ღვარძლიანობამ ამ ჟამად გადმოხეთქა ტფილისის მაზრის სოფელ აღბულახსა და მის მიდამოებში. ხულიგანებმა ბედაურს ვერა დააკლეს რა და უნაგირი მილეწ-მოლეწეს, რაც სახელმწიფო ქონებათა საწყობებიდან გატანასა და გაძარცვაში და მერე ამ საწყობებისა, ყაზარმებისა და სხვა შენობათა მილეწ-მოლეწვასა  ცეცხლით განადგურებაში გამოიხატა.

აღბულახი ტფილისიდან ასე სამოცი ვერსის მანძილზეა. მის ნაწილებს შეადგენენ სოფლები პოსელენიე და კონსტანტინოვკა, რომლებიც რუსებით არიან დასახლებულნი. აქვე აღბულახის ახლო მდებარეობენ სოფლები დაგედ-ხაჩინი, სამშვილდე და, დმანისი და სხვანი. ამ სოფლებში სომხები და დმანისში კი ოსები მოსახლეობენ.

მთელი ეს ნაწილი ისედაც ჩვენდამი მტრობით გაგესლიანებული დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უფრო წათამამდნენ და აიქოჩრნენ, მით უმეტეს როსაც მათ სათავეში ჩაუდგნენ შეგნებული პროპაგანდისტები, ტფილისის საბჭოს ხმოსნის და კავკავის მოთარეშეთა გმირის მერხალიოვის სკოლისანი. განსაკუთრებულ თავხედობას თავიდანვე იჩენდნენაღბულახის მცხოვრებნი – რუსობა, ხოლო ამ ბოლო ხანებში მათ გვერდში ამოუდგნენ სამშვილდესა და დაგედ-ხაჩინის სომხობა და შემდეგ სხვა სოფლებიც როგორც მაგა. დმანისელი ოსობა. ჯერ კიდევ გამოურკვეველ მეთაურების წინამძღოლობით აღნიშნულ რაიონის მცხოვრებლებმა ამა წლის იანვარში გაბედეს და აღბულახის სახელმწიფო საწყობიდან გაიტანეს 2000 ვინტოვკის სისტემის თოფი, უანგარიშო პატრონები და ბრძოლისთვის საჭირო მოწყობილობანი…

ამ ზაფხულს რამდენიმე მოაგარაკე იყო მისული აღბულახში. როგორც ვიცით საქართველოს დაბა სოფლებსაც მოედვნენ სომეხთა ლტოლვილნი. ათას სულზე მეტი გამოქცეული სომხობა შეეფარა აღბულახსაც. სხვა საშუალება რომ ვერა გამონახეს რა, გამოქცეულები ყაზარმებსა და სხვა სახელმწიფო შენობებშიც მოათავსეს. ასე გულით იყო მზრუნველობა ამ უბედურად მოხეტიალე ხალხზე და საწინააღმდეგოც რა ექნებოდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან რომ შეეტყო, აღბულახელნი უფრო მოურიდებელსა და აშკარა გამოსვლებსაც ბედავდნენ ჩვენის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ღამით ბრბოები გამოდიოდნენ, თვრებოდნენ, ტარეშობდნენ და განუკითხავად თოფების სროლით შიშის ზარსა სცემდნენ მშვიდობიან მცხოვრებლებს. ..

აგვისტო 24 თუ 25-ს უკვე გამომზეურნენ რუსისა და სომხის პროპაგანდისტებისაგან აღიზიანებულნი მოთარეშენი და ღამით საშინელი სროლა აუტეხეს სოფლის იმ ნაწილს, სადაც ყაზარმები, სამხედრო ქონებათა საწყობები და მე-6 პოლკის ოფიცრობა ბინადრობდა. როდესაც ბრბომ იგრძნო, მათ წინააღდმეგობას ვერავინ გაუწევდა, შეესია საწყობებს და დაიწყო ძარცვა-გლეჯა. აკლება და ძარცვა გაგრძელდა თიტქმის სამი დღის განმავლობაში აგვისტოს 29-მდე. ამ ბოროტებაში მონაწილეობდნენ, როგორც აღბულახის, ისე ხაჩინელი და სხვა სოფლის მცხოვრებნი.

საწყობებიდან გაიტანეს 2500 ფუთი თეთრი ფქვილი, 700 ფუთი მარილი, ტანისამოსი, რკინეულობა, კონსერვები და სურაცხელი სხვა და სხვა ნივთიერება. მკითხველებმა იციან, რომ აღბულახი იყო მუდმივი სადგომი მე-14 გრენადერთა გრუზინსკის პოლკისა. ამ პოლკის ოფიცრობას მოწყობილი ჰქონდა ერთი მოზრდილი შენობა ეგრედ წოდებულ ოფიცერთა საკრებულოსათვის. საკრებულოში დიდძალი ძვირფასი ნივთები და ავეჯეულობა იყო შენახული…

როდესაც რამდენიმე მილიონებად საღირალი ქონება ხალხმა გაიტაცა, შემდეგ გამხეცებულებმა ხელი მიჰყო შენობის მტვრევასა და განადგურებას. ბოლო დღეს გადასწვეს საწყობები, ნაწილი ყაზარმების და სხვა შენობებისა.

აღბულახის რუსობას და ხაჩინელ სომხობას ძარცვასა და ქონებათა განადგურებაში არ ჩამორჩნენ დმანისელი ოსებიც და ზოგიერთი ახლო-მახლო სოფლის მცხოვრებნიც.

ადგილობრივ მცხოვრებლებს აღბულახში თავ-შეფარებულ ლტოლვილმა სომხებმა გადააჭარბეს. ეს უმადლო და თავის თავისთვისვე უბედური ხალხი კალიასავით მიესია სახელმწიფო ქონებას და გაიტაცა მრავალი ნივთი და სანოვაგე. მნახველებმა გადმოგვცეს ლტოლვილებმა დაბარგეს ნადავლით 30-მდე დიდი ფურგუნები, აიყარნენ ციგნებივით და წავიდნენ არ ვიცით საით: ტფილისისა, შულავერისა თუ სხვა ადგილისაკენ. სხვათა შორის მნახველებმა გადმოგვცეს კიდევ სურათი, თუ როგორ ღრიანცელით შეცვივდა ბრბო თოფებითა და კეტებით აღბულახის ოფიცერთა საკრებულოს ასაკლებად. მეთაურებმა დასძახეს: ჩვენ ნიკოლოზი აღარა გვყავს, მაშ ეს ქონება ჩვენ აღარ გვეკუთვნის, დაჰკათ, დალეწეთ და ააოხრეთ საქართველოს რესპუბლიკასაც ნუ შევარგებთო და შეიქმნა ფანჯრებისა, კარებისა და ისეთი ნივთების მტვრევა, და ლეწვა, რომელთა წაღებაც ვერ შეეძლოთ.

ქაქუჩელა.


საქართველოს რესპუბლიკა,  5 სექტემბერი, 1918, N34

  • „ბელი კლიუჩიდან“ ცნობაა, რომ იქ შესდგა სხდომა სოფელ ვარხუნისა და ალექსეევკის დელეგატთა; დადგენილ იქმნა, რომ ამ სოფლების მცხოვრებლები ნებით ჩააბარებენ იარაღს ამისთვის შემდგარ საგანგებო კომისიას.
  • ბელი-კლიუჩში წესიერების აღსადგენათ გერმანიის მისიამ გაგზავნა ჯარი ტყვიის მფრქვევლებითით.

ერთობა, 6 სექტემბერი, 1918

  • აღბულახში მძარცველთა ასალაგმავად გაგზავნილ მცირე რაზმს, რომელსაც პოლკოვნიკი ბოლღაშვილი მეთაურობდა – დახვედრია ორი ათასამდე შეიარაღებული. ჩვენებისათვის უკან დაუხევინებიათ, ბრძოლის დროს ჩვენებს დაჰკარგვიათ ერთი ზარბაზანი და ორი ტყვიისმფრქვეველი. დაჭრილია როტის უფროსი კურცხალია, პორუჩიკი დგებუაძე და ერთი ჯარისკაცი. მოკლულია ჯარისკაცი ხოჯაშვილი. სასწრაფოდ გაიგზავნა ჯარის ბრბოს ასალაგმავად. სოფ. ვარხუნის და ალექსეევკის მცხოვრებლებმა მორჩილება განაცხადეს და იარაღს აბარებენ. გუშინ აღბულახიდან ნაფიც ვექილმა ქანანოვმა სამხედრო მინისტრს აცნობა, რომ აღბულახის მცხოვრებლებისაგან იარაღი ჩამორთმეულია და მთავრობას აბარებენო….
  • დელეგაცია აღბულახში: იქ მომხდარ არეულობის გამო გაიგზავნა დელეგაცია, რომელშიც შედიან საქართველოს, სომხების და რუსთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელნი.

გაზეთი შრომა, 6 სექტემბერი, 1918, N22, 

სომხეთის ამბები.

როგორც „მშაკს“ ატყობინებენ აღბულახში ჩამოსულა 1500 ლტოლვილი. ეს ლტოლვილები ახალქალაქის 40, 000 ლტოლვილების ერთი მცირე ნაწილია. აღბულახში მრავალი ყაზარმებია, ყოფილ რუსეთის მთავრობის მიერ მრავალრიცხოვან ჯარებისთვის აშენებული და ამ ყაზარმებში შესაძლებელია ბევრი ათასი კაცის მოთავსება. ამ 1500 ლტოლვილმა დაიკავა ეს ყაზარმები, მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ ბრძანება გამოსცა, რომ მათ დასცალონ ეს ყაზარმები, რათა იგი საჭიროა ქართველ ჯარისთვის.  მაგრამ ლტოლვილების რწმუნებულმა ნახა ქართველი ჯარის უფროსი პოლკოვნიკი საგინაშვილი და აღნიშნა, რომ ამ ყაზარმებში დაეტევა თუ გინდ მთელი  საქართველოს ჯარი ჯარი, მით უმეტეს, რომ ამ ხანად გარდა რამდენიმე ქართველ ოფიცრებისა იქ არც ერთი ქართველის ჯარის კაცი არ არის. ლტოლვილები და მათი ბავშვები მხარზე პარკით, დადიან კალოებზე და აგროვებენ ხორბალს და იმითუ და ან მკვახე ხილით საზრდოობენ. ამის გამო დიდი ავადმყოფობაა გავრცელებული. ბევრნი  ავად არიან დიზენტერიით და მუცლის სახადით. არის ერთი სამხედრო ექიმი და ერთი ფერშალი, მაგრამ წამლების უქონლობის გამო ვერას შველიან.

მსგავსი/Related

Back to top button