skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშები შეაფასეს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 30 აგვისტოს საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრის მამიკინსის მიერ მომზადებული პირველი ანგარიში განიხილა.

ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტარი მიესალმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში საქართველოს პროგრესს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „შეიანარჩუნოს ეს მუხტი და უზრუნველყოს სტაბილურობა, შემდგომი დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური წინსვლა“.

მან საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდა, რომ „ასოცირების შეთანხმების შესაბამისად სხვა დარჩენილი წუხილებიც მოაგვაროს. კერძოდ, შრომის სტანდარტების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის თვალსაზრისით“. იმავდროულად, ის იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნაბიჯებს მიესალმა, რომლებიც ამ საკითხების მოსაგვარებლად იდგმება.

მამიკინსს მიაჩნია, რომ ასოცირების შეთანხმებამ „დიდი ინსტიტუციური შედეგები მოუტანა საქართველოს“ და რომ თბილისში მისი ვიზიტის შემდეგ, მან „ევროპული ინტეგრაციის პროცესში მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის კარგი ხარისხი“ აღმოაჩინა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებაც „მნიშვნელოვნადაა ჩართული კონსულტაციებში ევროპული ინტეგრაციის შესახებ“.

ანგარიში მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მამიკინსი საქართველოს 23-24 ივლისს სტუმრობდა, რა დროსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელება შეაფასა. ასოცირების შეთანხმება ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ კვლევაც განიხილა, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ნონა მიქელაძემ მოამზადა. ექსპერტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ, როდესაც საქმე ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის განხორციელებას ეხება, „ქვეყანა სისტემური გამოწვევის წინაშე დგას“ და რომ „არაფორმალური მმართველობა“ დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

მიქელაძემ განაცხადა, რომ მართალია, ძალაუფლების გადაცემა 2012 წელს „ქართული დემოკრატიის წარმატებად“ შეფასდა, ქართული ოცნების მმართველობის წლებმა აჩვენა, რომ „ინსტიტუტები კვლავ სუსტია“. „საქართველომ ვერ მოახერხა, რომ გადაელახა ერთი პარტიის მიერ დომინირებულ სახელმწიფოდ ყოფნა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებას კონსტიტუცია ზღუდავს. ქართულ ოცნებას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, აღმასრულებელი ორგანო პარლამენტზე დომინირებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა საეჭვოა, ხოლო ოპოზიციის სისუსტე „მმართველ პარტიას კიდევ უფრო აძლიერებს, რაც მოსახლეობას უბიძგებს, რომ ხმა ქართულ ოცნებას მისცენ, ან არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ“.

მიქელაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური სისტემის „აქილევსის ქუსლია“, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად რეფორმებს საჭიროებს. „სასამართლო სისტემა ინტერეს-ჯგუფების პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სისტემის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი პროკურატურაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button