ახალი ამბები

ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა



ევროპარლამენტმა 18 დეკემბერს სტრასბურგში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

ევროპარლამენტმა 18 დეკემბერს სტრასბურგში მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

ევროპარლამენტის წევრებმა შეთანხმებას 490 ხმით დაუჭირეს მხარი, 76–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 57–მა თავი შეიკავა.

საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ასევე ესწრებოდნენ სხდომას და კენჭისყრის დროს სტუმრების ლოჟაში ერთმანეთისგან არცთუ ისე შორს ისხდნენ.

18 დეკემბერს ევროპარლამენტმა ასევე მიიღო საქართველოს შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია 491 ხმით 84–ის წინააღმდეგ; 63 დეპუტატმა თავი შეიკავა.

კენჭისყრას ერთი დღით უსწრებდა დებატები ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ.

ევროკავშირთან საქართველომ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა. ევროპარლამენტმა უკრაინასთან და მოლდოვასთან შეთანხმებებს რატიფიცირება სექტემბერში და ნოემბერში გაუკეთა, შესაბამისად.

ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან დროებითი გამოყენების რეჟიმში უკვე მოქმედებს, სრულფასოვნად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას.

ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 11 წევრმა მოახდინა: რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, ხორვატია და დანია. ამ უკანასკნელმა შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს უყარა კენჭი.

სარეკომენდაციო რეზოლუციაში, რომელიც ასევე 18 დეკემბერს იქნა მიღებული, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმება „თავისთავად დასასრული არ არის, არამედ უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომელიც სამართლებრივად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სოციალურად  ქვეყანას ევროპულ სივრცეში შეიყვანს“.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივა გააჩნია და შესაძლოა მიმართოს კავშირს წევრობისთვის იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას, როგორც ევროკავშირი–საქართველოს უფრო ახლო ურთიერთობების უახლოეს ნიშანს და ხალხისთვის პირდაპირ სარგებელს“.

რეზოლუცია მომზადდა საქართველოს შესახებ მომხსენებლის, ევროპარლამენტის წევრის ლატვიიდან, ანდრეს მამიკინსის მოხსენების საფუძველზე. თუმცა, რეზოლუციის თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შევიდა ნოემბერში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განხილვის შედეგად; ბევრი ცვლილება ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული, რათა ტექსტში მათი შეშფოთება ასახულიყო „შერჩევითი სამართლის“ და ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე.  რამდენიმე ცვლილება პროექტში უშუალოდ 18 დეკემბრის კენჭისყრამდე შევიდა.

მიესალმება რა საქართველოს ხელისუფლების „ბოლოდროინდელ რეფორმებს“, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების „გაძლიერებისკენ“ არის მიმართული, რეზოლუცია  გამოხატავს შეშფოთებას „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო“ და იმ ყოფილი მაღალჩინოსნების და ამჟამინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი ან დაპატიმრებულნი არიან.

რეზოლუცია ასევე "შეშფოთებას“ გამოხატავს „პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად სასამართლო სისტემის პოტენციური გამოყენების გამო“, რამაც შესაძლოა შეარყიოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა დემოკრატიული რეფორმების კუთხით.

უშუალოდ კენჭისყრამდე შეტანილ ცვლილებაში, რომლის ინიციატორიც რუმინელი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან, კრისტიან დან პრედა იყო, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის ხარვეზები გამოასწოროს, რომლებიც ეუთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშშია ასახული.   

ანგარიში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურომ მოამზადა ყოფილი მაღალჩინოსნების 14 საქმის სასამართლო პროცესების დაკვირვების შედეგად. მისიამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია, განაცხადა ანგარიშში, რომ  "მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვებისას გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა თავისთავად არ არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მაგრამ გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევების, ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზებისა და ზოგადად პრობლემატური სასამართლო პრაქტიკის კომბინაცია, საფრთხეს უქმნიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულ დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად“. ანგარიში 80–ზე მეტ რეკომენდაციას შეიცავს, რომელთაგანაც უმეტესობა ეხება პარლამენტს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღოს, ასევე სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას, აღმასრულებელ ხელისუფლებას და ადვოკატებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რათა ანგარიშში ასახული ხარვეზები გამოსწორდეს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“.

ის მოუწოდებს მოსკოვს, რომ „კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების გამოძებნაში და კერძოდ, ჟენევის დისკუსიებში“. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი „წუხილს გამოთქვამს… ჟენევის მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესის ნაკლებობის გამო, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს და მოაგვაროს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ყველა წუხილი“ და „ამ პროცესში ევროკავშირის უფრო ეფექტური როლის შესრულებისკენ“ მოუწოდებს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოსკოვს, რომ „გააუქმოს“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და „დაასრულოს ოკუპაცია“ ამ რეგიონებში.

რეზოლუცია „გმობს“ მოსკოვსა და სოხუმს შორის ნოემბერში ხელმოწერილ ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის „რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთის სრული ანექსიის განსახორციელებლად“.

ერთ–ერთ ცვლილებაში, რომელიც სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის მიერ იყო ინიცირებული, რეზოლუცია აცხადებს, რომ ევროპარლამენტი „ცნობად იღებს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ ისლამოფობიის და ჰომოფობიის წინააღმდეგ გადადგა“ – ამ ცვლილებით შემსუბუქდა ტექსტის პირველადი ფორმულირება, რომელშიც წუხილი იყო გამოთქმული "ისლამოფობიის და ჰომოფობიის ძალადობრივი გამოვლინებების გამო, რომელთაც ქვეყანაში ჰქონდა ადგილი“.

თუმცა, მიღებული რეზოლუცია „ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ ისლამოფობიის და ჰომოფობიის ძალადობრივი აქტების ჩამდენები ეფექტურად იქნენ გასამართლებულნი“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button