Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: 12 საათიანი ბრძოლის შემდეგ გენერალმა მაზნიაშვილმა ტუაფსე აიღო

1918 წლის ზაფხულში რუსეთის სამხრეთი ანარქიამ მოიცვა, კომუნისტები ავიწროებენ გენერალ დენიკინის დაჯგუფებებს. ეს არეულობა საქართველოსაც გადმოედო. გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა აფხაზეთის გაწმენდა აჯანყებული კომუნისტებისაგან. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ ადგილობრივი, ყუბანის მთავრობის თხოვნით და თბილისთან შეთანხმებით ქართულმა დანაყოფებმა გადალახეს საქართველოს საზღვარი და 6 ივლისს დაიკავეს სოჭი, ხოლო 26 ივლისს ტუაპსე. 

(30 ივლისი, 1918, საქართველოს რესპუბლიკა, N5)

გენერალ მაზნიაშვილის დეპეშა

27 ივლისს, საღამოთი, სამხედრო მინისტრის სახელზე გენერალ მაზნიაშვილისაგან შემდეგი დეპეშა მოვიდა:

“გაცნობებთ, რომ 26 ივლისს, 20 საათზე, ჩემმა ჯარმა 12 საათის ცხარე ბრძოლის შემდეგ აიღო ქ. ტუაფსე. მოპირდაპირე სასტიკად გვეწინააღმდეგებოდა; ყოველივე გორაკის აღებაც კი ბრძოლით გვიხდებოდა. მრავალი ტყვეები წამოვიყვანეთ, წავართვით 4 ზარბაზანი, 12 ტყვიისმფრქვეველი, აუარებელი სასროლი მასალა და ტყვიები, სხვა-და-სხვა ზომის ხომალდები, ავტომობილები, 5 ორთქლმავალი ვაგონებით და უამრავი საინტენდანტო ქონება. დანარჩენი ნადავლი ირკვევა. ჩვენი დანაკლისი მცირეა. არტილერიის მარჯვე მოქმედების გამო მხოლოდ ათი მეომარი დაგვიჭრეს და ერთი მოგვიკლეს. მსუბუქათ დაშრილთა შორის არიან მესამე ქართული პოლკის შტ.-კაპიტანი დოლაბერიძე და წითელ გვარდიელი პორუჩიკი ნიკონოვი. მოწინააღმდეგე, რიცხვით 1200 კაცი, ჯავშნიანი ვაგონებით და ავტომობილებით არმავირის მხარისაკენ გაიქცა. გატყობინებთ რა ყოველავე ამას, ვშუამდგომლობ დააჯილდოვოთ: პოლკოვნიკი ამირეჯიბი გენერალ-მაიორის ხარისხით; მეექვსე ბატარეის უფროსი კაპიტანი იაშვილი – პოდპოლკოვნიკის ხარისხით და 1-ლ ბატარეის უფროსი შტ.-კაპიტანი ქუთათელაძე – კაპიტნის ხარისხით. N679.

 

სამხედრო მინისტრის პასუხი:

სამხედრო მინისტრმა 28 ივლისს გენერ. მაზნიაშვილს შემდეგი საპასუხო დეპეშა გაუგზავნა:

“რესპუბლიკის ერთგულ სამსახურისა და გმირულ მოქმედებისათვის თქვენს მეომრებს გადაეცით მადლობა. პოლკოვნიკ ამირეჯიბს ვუბოძებ გენერალ-მაიორობას; მეექვსე ბატარეის უფროსს კაპიტან იაშვილს – პოდპოლკოვნიკობას და პირველ ბატარეის უფროსს შტ.-კაპიტან ქუთათელაძეს კაპიტანის ხარისხით. N 3489. “

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი გრ. გ ი ო რ გ ა ძ ე

სწორია: სამხედრო მინისტრის სამინისტროს განყოფილების უფროსი გ ი ო რ გ აძე

მსგავსი/Related

Back to top button