skip to content
ახალი ამბები

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ერთი არასრულწლოვანი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამეტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 19 ივლისს არასრულწლოვანი დ.ღ დააკავა. დღეს მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, დ.ღ.-მ, რომელიც ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტს უშუალოდ შეესწრო, „განზრახ“ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა „ცრუ ჩვენება“.

შსს-ს განცხადებით, გამოძიების დროს, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.ღ-მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ. ეს უკანასკნელი კი, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს. თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მან მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

მან ასევე არ გაამხილა, რომ სასამართლო სხდომამდე, ის მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა და მას მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა, დ.ღ-მ სასამართლო განხილვის დროს, „მსგავსი შეხვედრა უარყო“.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, დაკავებული მოზარდი გასული წლის დეკემბერში 51-ე სკოლაში მოზარდებს შორის დაწყებული ინციდენტის და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა „მალავს დაჭრის“ ფაქტებს. ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებული ან „დააშინეს“ ან „მოისყიდეს“.

არასრულწლოვნის ადვოკატის გოჩა კვარაცხელიას განცხადებით, დ.ღ.-მ გამოძიების ყველა კითხვას „ობიექტური და სრულყოფილი“ პასუხები გასცა. ადვოკატმა არასრულწლოვანზე ვინმეს მხრიდან „ზეწოლის“ ფაქტები გამორიცხა.

საქმეზე დღეს მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. მან საჭირო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, „სხვა პირების დაკავებაც“ არ გამორიცხა.

დაკავებული არასრულწლოვანი გასულ კვირას, პარლამეტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც გამოკითხა.

ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულები ასევე არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი გარემოებების გამოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 31 მაისს საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თუმცა, სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. ამას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ, ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ პროტესტში გადაიზარდა.

მალევე, საქმე მთავარი პროკურატურიდან ხელახალი გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდა. 1 ივნიის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყება იმ დამატებით გარემოებებს იკვლევს, რომლებიც სასამართლოში მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვისას გამოიკვეთა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე გასული წლის დეკემბერში, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button