ახალი ამბები

თბილისის მერსა და გაფიცულებს შორის შეთანხმების შედეგად მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მემანქანეების ორდღიანი გაფიცვის შემდეგ, დღეს დილით, თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თბილისის მეტროპოლიტენმა 14:00 საათზე მუშაობა განაახლა.

მემანქანეების გაფიცვის ორგანიზატორი სატრანსპორტო კომპანიის ელექტრომატარებლების მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“ – ის ხელმძღვანელმა რატი კაპანაძემ მერთან შეხვედრის შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებს.

კაპანაძემ მერთან შეთანხმების დეტალები არ დააკონკრეტა და განაცხადა რომ „ის მინიმალური მარჟა, რაც ჩვენ დავაყენეთ, იქნება შესრულებული“.

კახა კალაძემ ამ თემაზე დღეს მერიაში გამართულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მემანქანეებს მერიაში ფინანსური კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მათ მოთხოვნებს 2019 წელს დაუბრუნდება. მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასების 45%-ით მომატების მოთხოვნით, ორშაბათს დილით გაიფიცნენ. მედიის ინფორმაციით, ამჟამად მათი ხელფასები 1 100 – 1 200 ლარს შეადგენს.

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც გაფიცულებთან მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართა, აცხადებდა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის მერიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.

თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წლიდან მუშაობს და ორი ხაზის და 23 სადგურის მეშვეობით, ყოველდღიურად, დილის 6 საათიდან შუაღამემდე, დაახლოებით 600 000 მგზავრს ემსახურება. მემანქანეების გაფიცვამ დედაქალაქის მასშტაბით ტრანსპორტის შეფერხება და საცობები გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button