რესპუბლიკა 100ძველი ამბები

მთავრობის თავმჯდომარე: გერმანიის მთავრობა სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას

(ერთობა N 110, 31 მაისი 1918) მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს 29 მაისს მოახსენა:

“საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ეროვნულმა საბჭომ დააკისრა მთავრობას დიდი მოვალეობა. მას უნდა ემცნო ეს აქტი ყველა ქვეყნის სახელმწიფოებისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკა გამხდარიყო საერთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მთავრობამ იცოდა, რომ გერმანიის დელეგაცია ამ ჟამათ ფოთში იმყოფებოდა და ამიტომ იქ გაგზავნა თავისი წარმომადგენელი მასთან მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკების შედეგი ასეთია:

გერმანიის მთავრობა სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, რის დასამტკიცებლათ აქ ნიშნავს თავის დიპლომატიურ წარმომადგენელს. გერმანია აღგვითქვამს აგრეთვე უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიისა გარეშე მტრებისაგან (ტაში).

როგორც ხედავთ, ჩვენსა და გერმანიის შორის სავსებით აღდგენილია მეგობრული კავშირი. ჩვენ იმედი გვაქვს ოსმალეთთანაც აღდგენილ იქნება მეგობრული დამოკიდებულება. ამ მიზნით, საქართველოს რესპუბლიკა გზავნის დელეგაციას ოსმალეთთან მოსალაპარაკებლათ.”

“ერთობის” სარედაქციო სტატია ამ ცნობას იმედით ეხმიანება:

“მას შემდეგ, რაც გერმანიამ ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო, ეჭვი არ არის, ოსმალეთის ხელში არავინ დასტოვებს ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო კონგრესი საბოლოვოთ გადასწყვეტს ჩვენი ქვეყნის საკითხს და ოსმალეთს საქართველოდან გააძევებენ. ეს კარგათ იცის თავად ოსმალეთმა.

“უნდა ვაჩვენოთ ოსმალეთს, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია ჩოლოქია ამბების განმეორება. დავიცვათ დამოუკიდებლობა და რევოლიუცია. სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს.” – ასრულებს სარედაქციო სვეტს გაზეთი.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

Show More

Related Articles

Back to top button