skip to content
ახალი ამბები

საქართველომ და ისრაელმა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დაიწყეს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა, 10 მაისს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მინისტრმა კოენმა, რომელიც 9-11 მაისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრები, ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდაზე და ყველა იმ დაბრკოლების მოხსნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორი ქვეყნის ინვესტორებს ექმნებათ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რათა ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს, მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მოგვიანებით, ორი მინისტრი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ერთობლივი ქარხნის (ATC) გახსნას დაესწრო.

პროექტს საქართველოს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems–ის შვილობილი Elbit Systems – Cyclone-ის ერთობლივი საწარმო შეასრულებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება და პირველ პროდუქციას ის 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს, ისრაელთან სასაქართველოს სავაჭრო ბრუნვა 20.25 მლნ აშშ დოლარი, ექსპორტის მოცულობა 7 მლნ აშშ დოლარი (5.45 მლნ აშშ დოლარი 2016), ხოლო იმპორტის მოცულობა 13.25 მლნ აშშ დოლარი (10.05 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს) იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button