skip to content
ახალი ამბები

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებიდან ერთ თვეში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 25 იანვარს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. 

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ დასჯაზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შეწყვეტას და მათთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზებას მოითხოვენ, საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 იანვარს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი კი, სასამართლოს შენობასთან ჩადენილი ხულიგნობისთვის 14 დღით დააპატიმრა.  

საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, რომელთა შორისაც, თეთრი ხმაურის მოძრაობა, საფარი, EMC, სამართლიანი არჩევნები და სხვა არასამთავრობოები იყვნენ, გიორგანაშვილისთვის გამოტანილი განაჩენით „სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა“. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მსახიობის გასამართლება დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა, ხოლო სასჯელი მეტისმეტად მკაცრი იყო. ზოგიერთი მათგანი გამოთქვამდა ეჭვს, რომ გიორგანაშვილს ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გიორგანაშვილის და წიქარიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას და „რეპრესიული და არაჰუმანური“ ნარკოპოლიტიკის უმოკლეს ვადებში შეცვლას. მათ პრეზიდენტს გიორგანაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. აქტივისტებს ეკავათ ტრანსპარანტები, წარწერებით – „არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობა“, „დაისაჯონ ჩამდები პოლიციელები“,  „დასრულდეს“. საპროტესტო აქციას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას 25 იანვარს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენის თანახმად, გიორგანაშვილის საქმე „განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით“. სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა პარლამენტს, მოახდინოს „საკითხის პრიორიტეტიზაცია“ და არასამთავრობოების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების „მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში“ მიღება. 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების ფონზე, 27 დეკემბერს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებისა და ზიანის შემცირების ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. 

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატების მიერ კანონპროექტისთვის გამოხატული მხარდაჭერის მიუხედავად, მმართველ გუნდში საკითხის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც ნარჩუნდება. ქართული ოცნების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკუეფექტს გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარების ზრდას.

წლის დასაწყისში, ნარკოპოლიტიკის თაობაზე მიმდინარე დისკუსიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურად ჩაერთო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში „ამ უმძიმესი სენისგან“ ახალგაზრდების დაცვაზე და ნარკოტიკების მომხმარებელთათვის სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობაზე ისაუბრა. მოგვიანებით, საპატრიარქომ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულყოფილი არ არის, „რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს“.

გიორგანაშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე, 22 იანვარს, ნარკოპოლიტიკის საკითხზე განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, „ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი“, თუმცა ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მიმართულებით „მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია“.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button