მთავარი / ახალი ამბები / მედია და არასამთავრობოები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ

მედია და არასამთავრობოები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ

40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რეფორმის პროექტს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისათვის კი სარეაბილიტაციო პროგრამების შესთავაზებას ითვალისწინებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მედიის წარმომადგენელთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის, მხარდასაჭერად გუშინ გამართულ აქციას მოჰყვა, სადაც ნარკოტიკების შენახვის გამო ბერძენიშვილისთვის რამდენიმე დღის წინ გამოტანილი „არაადეკვატური და არაადამიანური“ განაჩენი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – გააპროტესტეს. 

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული წლის ივნისში პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა „გაუმართლებლად გაჭიანურდა“. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადებში განიხილოს და მხარი დაუჭიროს რეფორმის პროექტს და ამით ბოლო დაუსვას უსამართლო, ირაციონალურ და ადამიანების ჩაგვრაზე მიმართულ პოლიტიკას“, – ვკითხულობთ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში. 

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაჭიანურებას „თეთრი ხმაურის მოძრაობაც“ ეხმაურება. 26 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, მოძრაობის წევრებმა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ნარკოპოლიტიკის სფეროში „ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი“ კანონმდებლობის მიღების შესახებ დადებული პირობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. „ყველა იმ ადამიანის ბედი, რომლებიც კვლავაც ხდებიან სისხლის სამართლის დევნის ობიექტნი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, თქვენი და თქვენი პოლიტიკური გუნდის პირდაპირი  პასუხისმგებლობაა“, – მიმართავენ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს. 

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს გასული წლის მიწურულს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, თუმცა მმართველ გუნდში საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა ნარჩუნდება. იანვარში, ნარკოპოლიტიკის შესახებ მიმდინარე დისკუსიაში საქართველოს საპატრიარქო ჩაერთო და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულყოფილი არ არის, „რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს“. 

ერთი თვის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, Civil.ge-ს განუცხადა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებას არ უნდა მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ამ პროცესის დაწყება ძლიერი სარეაბილიტაციო სისტემის არსებობის გარეშე ძალიან სარისკოა“.

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.