ახალი ამბები

პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლეს შეხვდა .

მარგველაშვილი აფგან მუხთარლის მეუღლეს ხვდება
მარგველაშვილი ლეილა მუსტაფაევას ხვდება, 27 ივნისი, 2017. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას, შეხვდა და პირადად გაეცნო ამ დროისთვის ჟურნალისტის საქმესთან არსებულ ინფორმაციას.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და, ერთი დღის შემდეგ, ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, კვლავ პატიმრობაში რჩება.  

"საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს – მზად და ღია იქნება ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად", – ნათქვამია პრეზიდენტის პრესამსახურის მიერ 27 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ინიციატივით გაიმართა, ჟურნალისტის ქართველი ადვოკატი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრესსპიკერი ესწრებოდნენ. 

"მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, გარდა ამისა  – გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია“,- აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, შეხვედრის შემდეგ.

დღესვე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, გააკეთეს. 

მთავარი პროკურორის თქმით, პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს.

"ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე, ვითხოვთ მისი აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მოხდება აფგან მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანში ხორციელდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმეში არსებული  ვიდეო კამერების ჩანაწერების გასაჯაროება შუალედური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

"ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით. იცით, რომ მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი, სანამ არ იქნება ჩვენება და არ იქნება შეჯერება და საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ", – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button